ბავშვზე საქართველოში სიმსივნე იეჭვეს, თუმცა თურქეთში ყველაფერი... - რას ჰყვება ბავშვის დედა

8 წლის ალექსანდრას, რომელსაც საქართველოში ფარისებრ ჯირკვალთან რამდენიმე წარმონაქმნი დაუდგინდა, თურქეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ეს არ დაადასტურა.
ბავშვის დედა, ლიკუნა მეგუთნიშვილი, ჰყვება, რომ ქალიშვილს მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის ძლიერი ოფლიანობა დაეწყო, რამაც მშობელი დაფიქრებაში ჩააგდო და სამედიცინო კონსულტაციის ძიება დაიწყო.
საწყისად, საქართველოში ჩატარებული ექოსკოპიის შემდეგ, ბავშვს ფარისებრ ჯირკვალზე რამდენიმე წარმონაქმნი აღმოაჩნდა. ექიმებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ მათ შორის ზოგი შესაძლოა ავთვისებიანი ყოფილიყო.
"ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე. ექიმმა მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით კეთილთვისებიანია, დარჩენილი პროცენტი მაინც ავთვისებიანობაზე მიუთითებდა", - იხსენებს დედა.
მშობლის თქმით, შემდგომი ანალიზების მიუხედავად, საწყისი დიაგნოზი არ იცვლებოდა, რის შემდეგაც ოჯახმა გადაწყვიტა, დამატებითი კონსულტაცია თურქეთში გაევლო.
თურქეთის კლინიკაში ჩატარებულმა დიაგნოსტიკამ აჩვენა, რომ ფარისებრი ჯირკვალი ოდნავ იყო გადიდებული, თუმცა ეს ვირუსული ინფექციის შედეგი აღმოჩნდა და არანაირი პათოლოგიური წარმონაქმნი არ დადასტურდა.
"ყველაზე მთავარია, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელია. ეს ყველაფერი ემოციურად ძალიან მძიმე იყო, თუმცა ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდა", - ამბობს დედა.
