1500 და 4500 ლარი ყოველ ოჯახს - ვინ მიიღებს ფინანსურ დახმარებას?
თიანეთის მუნიციპალიტეტში, მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების მხარდასაჭერი სოციალური პაკეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ცვლილებების შედეგად, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაორმაგდა და ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ათას ლარამდე გაიზარდა.
ახალი წესის მიხედვით, თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, სადაც პირველი შვილი იბადება, ერთჯერადად მიიღებენ 1500 ლარს (მანამდე 300 ლარი იყო). მეორე შვილის დაბადებისას დახმარება 3000 ლარს შეადგენს (ადრე 400 ლარი), ხოლო მესამე შვილისთვის – 4500 ლარს (წინა თანხა 500 ლარი). ყოველი მომდევნო შვილის დაბადებისას დახმარება 1500 ლარით გაიზრდება.
განსაკუთრებული პირობებია ტყუპებისთვისაც – ოჯახებს გადაეცემათ 10,000 ლარი, რაც 10-ჯერ მეტია წინა მაჩვენებელთან შედარებით.
გარდა ერთჯერადი დახმარებისა, თიანეთის მუნიციპალიტეტი 1 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახებს ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერასაც შესთავაზებს:
პირველ შვილზე – 150 ლარი თვეში,
მეორე შვილზე – 300 ლარი,
მესამე შვილზე – 450 ლარი.
აქაც, ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში, დახმარება 150 ლარით იზრდება.
ფინანსური დახმარების მისაღებად მშობლებმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება უნდა წარადგინონ ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. აუცილებელია, რომ ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში და ჰქონდეთ მინიჭებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ეს სტატუსი ნიშნავს, რომ პირი რეალურად ცხოვრობს მუნიციპალიტეტში წელიწადში სულ მცირე 9 თვის განმავლობაში.
დამატებითი დეტალების სანახავად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ საკრებულოს დადგენილებას "თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ".