სად დააკავა გიორგი ბაჩიაშვილი პოლიციის რვა წევრიანმა ჯგუფმა?
რამდენიმე საათით ადრე, სანამ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ფაქტი საჯარო გახდებოდა, ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ის მტკიცებდა, რომ მისი მკვლელობის ბრძანება გაცემულია.
ინტერვიუში, რომელიც ბაჩიაშვილთან მის მიმალვაში ყოფნის დროს ჩაწერეს, იგი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურებისგან მიიღო ინფორმაცია მის სიცოცხლეზე არსებული საფრთხის შესახებ:
"ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა] მითხრეს, რომ განა უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს [ჩემი მკვლელობის] ბრძანება გაცემულია", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილი ვარაუდობს, რომ ბრძანება, შესაძლოა, არ მოდის ბიძინა ივანიშვილისგან და მისივე თქმით, ამის უკან სხვა გეოპოლიტიკური ძალები შეიძლება იდგნენ:
"ვშიშობ, ეს [ბრძანება] შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას "შეტენიან", მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს".
ბაჩიაშვილი ამჟამად რუსთავის №12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაშია გადაყვანილი. ოფიციალური უწყებები მის დაკავებას ჯერ არ განუმარტავთ.
"გარდიანის" წყაროების თანახმად, ბაჩიაშვილი სასტუმროს ლობიში ადგილობრივი პოლიციის რვა წევრიანმა ჯგუფმა დააკავა.