სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა - რა მოხდა დეტალურად?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ჩაატარეს.
მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულია 1993 წელს დაბადებული მ.ფ., რომელსაც წარსულში სხვა დანაშაულებისთვისაც ჰქონდა ნასამართლეობა.
გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული, სავარაუდოდ, სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მუქარას 1963 წელს დაბადებული ქალის მიმართ, რათა მას სხვადასხვა პირებთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. მოპოვებული თანხის ნაწილი კი, წინასწარი ინფორმაციით, თავად დაისაკუთრა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 12 წლამდე ვადით.