დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 1000 და 3000 ლარი იქნება - უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მძღოლებისთვის
დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის, ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება.
ცვლილებების ინიციატორი ქართული ოცნება გახლავთ, რომლის ინიცირებაც ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. ოცნების თქმით, ქალაქში გადაჭარბებული რაოდენობით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები საცობებსა და საავარიო სიტუაციებს ქმნის.
ახალი ინიციატივით, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.
ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს. მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
„დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების ავარიების შემთხვევაში გადაადგილების გაცილებით უფრო დიდი ხნით შეფერხება ხდება, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს პიკის საათის გახანგრძლივებას, რაც დარეგულირებას საჭიროებს“, - ვკითხულობთ ინიციატივის განმარტებით ბარათში.