მარინა ცხონდია: "26 წლით უფროსმა კაცმა, მოულოდნელად ხელი მთხოვა, ვუთხარი, საქართველოში ასეთი ქორწინება არ არის მიღებული-მეთქი"
მარინა ცხონდია საქართველოდან ძალით გადასახლებული ექიმია, რომელიც ახლა საფრანგეთში მოღვაწეობს.
"კვირის პალიტრამ" ცხონდიასთან ინტერიუ ჩაწერა, რომელშიც მარინამ თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და 26 წლით უფროსი მეუღლეც ახსენა:
"ჩემი მომავალი მეუღლე ნავთობის მილების მწარმოებელი შვედური ფირმის პრეზიდენტი ულოფ აქსელი მოსკოვში გავიცანი. ამ კომპანიაში თარჯიმნად მიმიწვიეს. აქსელმა, ჩემზე 26 წლით უფროსმა კაცმა, მოულოდნელად ხელი მთხოვა. ვუთხარი, საქართველოში ასეთი ქორწინება არ არის მიღებული-მეთქი. რა გავაკეთო, რომ ეს "ნაკლი" გამოვასწოროო. არც დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი, საფრანგეთში წასვლა მომიგვარე დედაჩემის დედასთან, რომელმაც 18 მოწვევა გამომიგზავნა და არ მიშვებენ-მეთქი.
არ მჯეროდა, თუ ამას მოახერხებდა, მაგრამ მალე პასპორტიც გამიკეთა, რაც მაშინ ძალიან ძნელი იყო - გადასახლებაში დაბადებულ ბავშვებს არქივში არ აღრიცხავდნენ.
ასე წავედი ჩემს 97 წლის ირლანდიელ ბებიასთან, რომელსაც მეხსიერება უკვე დაქვეითებული ჰქონდა და დედაჩემი ვეგონე. ბებია ჩემი იქ ყოფნის დროს გარდაიცვალა. მე მისი ნაანდერძევი ქონება ირლანდიის კათოლიკურ ეკლესიას გადავეცი. მეორე დღეს ადგილობრივ პრესაში ჩემი და ბებოს ფოტო გამოქვეყნდა და ირლანდიის მოქალაქეობაც შემომთავაზეს. თავზარი დამეცა, ვიფიქრე, ამისთვის თბილისიდან შვილსა და დედას გადამისახლებენ-მეთქი, მაგრამ გადავრჩი!
სხვათა შორის, დედაჩემმა ულოფი დაიწუნა, ასაკოვანიაო, სამაგიეროდ, მეგობრებმა მომიწონეს. ულამაზესი კაცი იყო. მან ყველაფერი გააკეთა ჩემი სიყვარულისთვის, გაუკვალა გზა ჩემს შვილსაც. მან მისცა დედაჩემს მშვიდი სიბერე.
ჩვენ 32 წელიწადს ვიცხოვრეთ ერთად. როდესაც მძიმედ დაავადდა, მე ქართული ემიგრაციის ხელმძღვანელი ვიყავი შვედეთში, სადაც ქართველი ექიმი მამუკა გიორგაძე გამაცნეს. მას ვთხოვე, ულოფი ეცოცხლებინა და მართლაც 5 წლის განმავლობაში ბევრჯერ გამოჰგლიჯა ხელიდან სიკვდილს.
ერთ დღესაც ულოფმა მითხრა: მარინა, ვიცი, რომ მამუკას ოჯახი არა ჰყავს, ისიც ვიცი, რომ შენ მიმართ გულგრილი არ არის. ანდერძად გიბარებ, მარტო არ დარჩე და მას მისთხოვდეო", - განუცხადა მან "კვირის პალიტრას".
ინტერვიუ - კვირის პალიტრა.