„სპორტი და ფეხბურთი ყველასია. ოპოზიცია ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს“ – ირაკლი კობახიძე

10-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გუშინ თბილისში აგენტების კანონის წინააღმდეგ მარში გაიმართა, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში მისი პატარა ოჯახის წევრის ფოტო გამოაქვეყნა ევროკავშირის დროშით, მალევე კი მას ინსტაგრამი გაუუქმდა.

შემდეგ იმავე შინაარსის ფოტო დადო მამამისმაც, დღეს კი ქართული ოცნების ლიდერებმა ოჯახს "ნაცობა" დააბრალეს.

ამის თაობაზე პოსტი ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა:

"ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება.

სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს.

ქართულმა სპორტმა ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. პირველად ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, პირველად ისტორიაში მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, პირველად ისტორიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, პირველად ისტორიაში წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, პირველად ისტორიაში ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა.

კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ.

სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც.

ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას."


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები