პსჟ-მ "არსენალი" ლონდონში დაამარცხა - უშეღავათო ბრძოლა და "კვარას" მორიგი მასტერკლასი: რა შეფასება მიიღო ქართველმა

ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლონდონის არსენალი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდნენ. მატჩი პარიზელების გამარჯვებით 0-1 დასრულდა.
არსენალის ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: დავიდ რაია, იურიენ ტიმბერი, ვილიამ სალიბა, იაქუბ კივიორი, მაილს ლუის სკელი, მარტინ ოდეგორი, დეკლან რაისი, მიკელ მერინო, ბუკაიო საკა, ლეანდრო ტროსარი, გაბრიელ მარტინელი.
რაც შეეხება პსჟ-ს, პარიზული გუნდი მოედანზე ამ შემადგენლობით გავიდა: ჯანლუიჯი დონარუმა, ნუნო მენდეში, ვილიამ პაჩო, მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, ფაბიან რუსი, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და დეზირე დუე.
პსჟ-მ პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა. მატჩის მეოთხე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა - "კვარას" პასი გოლად უსმან დემბელემ აქცია და თავისი გუნდი დააწინაურა.
ხვიჩას აქტიურობა გაგრძელდა. ის საჯარიმოში ულამაზესი მოძრაობით რამდენიმე ფეხბურთელს შორის გაძვრა, თუმცა წაიქცა და დარტყმა ვეღარ მოახერხა. 11-მეტრიანი არ დანიშნულა, თუმცა ფანების დიდი ნაწილის აზრით, ამ მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო.
მიუხედავად არაერთი მომენტისა, პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა და ის პარიზული კლუბის გამარჯვებით 0-1 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიკელ მერინომ დონარუმას კარში გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო - გაუქმდა.
დარჩენილ დროში მოედანზე უშეღავათო ბრძოლა იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. პარიზელები შინ "არსენალს" ერთბურთიანი უპირატესობით დახვდებიან და ფინალისტი სწორედ იმ მატჩში გაირკვევა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებას. ანალიტიკური საიტის Flashscore-ის მიხედვით, "კვარამ" 7,9 ქულა მიიღო, საუკეთესო კი პსჟ-ს მეკარე დონარუმა იყო - 8-0.
ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა პარიზში 7 მაისს გაიმართება.
