15 წლისანი ვიყავით, როცა შეგვიყვარდა ერთმანეთი... მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში - ეთერ ლიპარტელიანი
ამონარიდი მსოფლიო ჩემპიონ ეთერ ლიპარტელიანი ინტევიუდან ამბები.ჯისთვის
ლენტეხში დავიბადე. 8 წლის ასაკში შევედი ძიუდოზე, რადგან ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი ენერგია სად დამეხარჯა, თამაშით არ ვიღლებოდი. ჩემთან ახლოს იყო ძიუდოს დარბაზი და მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე ვარჯიში დამეწყო. თავიდან გასართობად მივედი, რა თქმა უნდა, იმაზე არც მიფიქრია, რომ პროფესიულ დონეზე გავყოლოდი ძიუდოს ან ჩემი მომავალი მასზე ამეწყო. ძიუდოში ასამდე ბიჭი ვარჯიშობდა და ერთადერთი გოგონა ვიყავი. რამდენიმე წელში მივხვდი, რომ ეს გართობა არ იყო, არამედ უფრო მეტი... ბიძაჩემმა მალხაზ ლიპარტელიანმა შემატყო, რომ მონაცემები მქონდა და გადაწყვიტა თბილისში წამოვეყვანე. დედა წინააღმდეგი იყო (სამი დედმამიშვილი მყავს - ერთი ძმა და 2 და), არ უნდოდა ჩემი თბილისში გაშვება, ძნელია, მშობელს შვილი მოაცილო და შორს წაიყვანო. დედას მიაჩნდა, რომ ძიუდო გოგოს საქმე არ იყო, უნდოდა ცეკვაზე მევლო ან სხვა სპორტით დავკავებულიყავი. მათ შორის, ჩემი ახლობელი ადამიანებიც - ნათესავები, მეზობლები, ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო. ჩემთვის გული რომ აეცრუებინათ, იმასაც მეუბნებოდნენ, რომ სხეული დამიმახინჯდებოდა, ვერ გავიზრდებოდი და ა.შ. მამა იმ დროს ესპანეთში ცხოვრობდა და იქიდან მგულშემატკივრობდა, ხელს მიწყობდა და ცდილობდა სპორტისთვის თავი არ დამენებებინა. მეც ძალიან მიჭირდა ოჯახის და დედის დატოვება, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი მიზნები და ოცნებები მაძლიერებდა - იმხანად უკვე მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ვფიქრობდი და ამ მიზნებთან და ოცნებებთან ერთად ვცხოვრობდი. არავის ვუსმენდი და მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ, მინდოდა ამ სპორტში ჩემი სიტყვა მეთქვა და სახელი დამეტოვებინა. მადლობა ღმერთს, ეს გამომივიდა და დღეს ბევრი ადამიანი მეუბნება, აი, რომ გიშლიდით, არ გვინდოდა ძიუდოზე გევლო, მადლობა ღმერთს, არ დაგვიჯერე და შენი გაიტანეო.
"მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში"
10 წლისა წამოვედი ლენტეხიდან, ბიძაჩემმა მიმიყვანა ჩემს პირად მწვრთნელთან - კახა მოცრაძესთან, რომელიც დღემდე გვერდში მიდგას, იმ დღიდან ერთად მოვდივართ. კახა მასწავლებელი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წარმატებული სპორტსმენი გავმხდარიყავი და მართლაც, ეს ორივეს ერთად გამოგვივიდა. როგორც იტყვიან, ჩემი თავი ვიპოვე ამ სპორტში. მინდა გამოვყო ჩემი მეუღლის - თემურ ნოზაძის დამსახურებაც. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, 15 წლისანი ვიყავით, როცა შეგვიყვარდა ერთმანეთი, მანამდე ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. თემურიც სპორტსმენია და ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას, სიხარულსაც და მარცხსაც, ვფიქრობ, ამასობაში ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. შარშან დავქორწინდით, პირდაპირ ტატამიზე მთხოვა ხელი.