ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩეხეთს შეხვდება

07-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი გულშემატკივარი თავის საყვარელ გუნდს პირველად იხილავს – 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ისტორიაში ერთხელ შეხვდა – ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა, 22 ივნისს ჰამბურგში 1:1 დაასრულა.

ამ შეხვედრამ „ჯვაროსნებს“ ჯგუფიდან გასვლის იმედი შეუნარჩუნა და ეს შანსი შემდეგ პორტუგალიასთან მოგებით (2:0) გამოიყენეს. ახლა „ჯვაროსნები“ ჩეხეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე ეთამაშებიან (კიდევ ერთი მატჩი ნოემბერში გაიმართება) – გასულ სეზონში საქართველო B ლიგაში დაწინაურდა, ხოლო ჩეხეთი A ლიგიდან გავარდა.

საქართველოს ნაკრებს სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო ევრო 2024-ის შემადგენლობიდან საბა კვირკველია, ნიკა კვეკვესკირი და ლევან შენგელია დააკლდებიან, ხოლო გაბრიელ შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა.

მათ არყოფნაში ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრებში სამ დებიუტანტს გამოიძახა – სერია A-ს „ემპოლიდან“ საბა გოგლიჩიძე, ალმათის „ქაირათიდან“ გამოცდილი და ძალიან საინტერესო მცველი ლუკა გადრანი და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი, რომელიც ეროვნულ ლიგაში გამორჩეული იყო და „იბერიიდან“ ახლახანს უკრაინულ „ჩერკასში“ გადავიდა.

ჩეხებთან მატჩს ისრაელელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება – მთავარი არბიტრი ორელ გრინფელდი იქნება, რომელსაც როი ჰასანი და იდან იარკონი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯად გალ ლეიბოვიცი იმუშავებს. ისრაელიდან არიან ვიდეორეფერებიც –  ცივ ადლერს ასისტენტობას ელი აჰმნონი გაუწევს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები