"მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს ქომაგს...“ - გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან მომხდარ ინციდენტზე
გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე, ტედი რინერთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
"ჩემი ემოციები ცოტა გაუგებარი იყო საზოგადოებისთვის. მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს ქომაგს, ვინც ჩემზე იმედებს ამყარებდა. ბოდიშს ვუხდი ჩვენს ფედერაციას და სამწვრთნელო შტაბს.
არის მომენტები, როცა სპორტსმენისთვის ხდება ისეთ რამ, რაც მიუღებელია. სპორტსმენი არ უნდა შეეხოს არცერთი სხვა სპორტსმენის თავმოყვარეობას. მე მისგან უბრალოდ ეგ ვიგრძენი. დამარცხებული ვიყავი და სიხარული დამამცირებელი ჟესტებით გამოხატა. შეეძლო ამდგარიყო და თავის გულშემატკივართან, საკუთარ ქვეყანაში გამოეხატა ბედნიერება. თუმცა, რაღაცნაირად, ცინიკურად, მარტო ჩემთან გამოხატა.
ვერ მოვითმინე. ახლაც, ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად, არ შეიძლება, მაგრამ მე ისევ ასე გავაკეთებდი. არანაირად არ ვახალისებ ჩემს მოქმედებას, სპორტსმენს თავშეკავება მოეთხოვება“, - ამბობს გურამ თუშიშვილი.
ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადაზე გურამ თუშიშვილსა და ტედი რინერს შორის შეხვედრა ქართველის აქტიურობით დაიწყო, თუმცა რინერმა ვაზარის შესრულება შეძლო, რის შემდეგაც, მოგების აღნიშვნა თუშიშვილისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით გადაწყვიტა. სწორედ ამას მოჰყვა ქართველის რეაქცია.