არსებობს თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების საფრთხე - ბოლო ინფორმაცია

16-08-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ჩუტყვავილა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო, 13 აგვისტოს, აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორ ვრცელდება ინფექცია და არსებობს თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების საფრთხე? - ამ თემაზე „პრაიმტაიმთან“ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს. 

„ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც არ არის ახალი, იქიდან გამომდინარე, რომ მაიმუნის ყვავილი 50-იან წლებში იქნა აღმოჩენილი. ძირითადად, ეს დაავადება ვრცელდებოდა აფრიკის კონტინენტზე და ერთეული შემთხვევები იყო ამ კონტინენტის გარეთ. 

საბედნიეროდ, ამას არ მიუღია ისეთი ხასიათი, როგორც კორონავირუსს ან გრიპს, რადგან, მაიმუნის ყვავილი არ გადადის ისე მარტივად, ადამიანიდან ადამიანზე, როგორც გადადის რესპირაციული ინფექციები. იმისთვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს, ინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეს. 

პირველად, ამ წლის დასაწყისში, ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა ეს ვირუსი, რის საფუძველზეც ჯანმომ გადაწყვიტა, გარკვეული ღონისძიებები გაეტარებინა და მეტი ყურადღება მიექცია.

პირველ რიგში, ამ ვირუსისთვის, დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი, სიცხე, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი. ამასთან, 3-4 დღის შემდეგ იწყება სპეციფიკური სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა გამონაყარი. გამონაყარს აქვს კვანძოვანი ან ბუშტუკოვანი ელემენტები - მოგვიანებით სტადიაში, ეს ბუშტუკოვანი ელემენტები, რომელიც სავსეა გამჭვირვალე სითხით, გადაიქცევა ჩირქოვან შიგთავსად.

თუკი ეს დაავადება გავრცელდა ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, შემოტანილი შემთხვევა დაფიქსირდეს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, მოსახლეობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს რამდენიმე ელემენტზე, პირველ რიგში, ეს არის მოგზაურობის ანამნეზი, ვიმოგზაურეთ თუ არა ისეთ ქვეყანაში, სადაც აღნიშნული ვირუსი დაფიქსირდა, თუ ვიყავით ისეთ ადგილებში, სადაც იყო მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულთან, იგულისხმება, ადამიანთან ერთ მეტრზე ახლო კონტაქტი, რომელიც გრძელდება 10-15 წუთის განმავლობაში. უფრო ხშირად ეს ინფექცია გადადის სქესობრივი გზით.

ამ ეტაპზე, საქართველოში ეს დაავადება არ გვხვდება, თუმცა, უნდა მივადევნოთ თვალი ჩვენს რეგიონში გავრცელების სისწრაფეს. თუ ჩვენს რომელიმე მეზობელ ქვეყანაში დაფიქსირდა ინფექცია, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს რისკები ჩვენთანაც გავრცელდეს“. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები