"პატრიარქთან მივედი და ვთხოვე, სიმბოლურად 1 მანეთი ჩაერიცხათ. მან კი..." - რას იხსენებდა ნოდარ ახალკაცი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი, ნოდარ ახალკაცი ილია მეორესთან შეხვედრისას ასეთ ისტორიას იხსენებდა:
"ყველას კარგად მოეხსენება, რომ ფედერაციის დაარსების შემდგომ ჩვენთან ქართული ფული, ფაქტობრივად, არ შემოსულა. თავდაპირველ წლებში რამდენიმე ორგანიზაციამ გადმორიცხა თანხები, ყველაზე მეტად კი მშენებლები აქტიურობდნენ. თუმცა, შემდგომ ეს პროცესიც შეჩერდა.
როდესაც ფედერაცია დავაფუძნეთ და ანგარიში გავხსენით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან მივედი და ვთხოვე, სიმბოლურად 1 მანეთი ჩაერიცხათ. მან კი თავის თანაშემწეს დაავალა, სასწრაფოდ 150 ათასი რუბლი გადმოერიცხა.
ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი ფული იყო, რომლითაც სამი თვე შეგვეძლო ფედერაციას თავის შენახვა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კათალიკოსის თანადგომას დიდი ძალა აქვს და ამიტომაც, ჩვენი წაქცევა მარტივი არაა", - იხსენებდა ახალკაცი.