ნამდვილი მეორედ მოსვლა იყო - რა ინფორმაცია ვრცელდება კუნძულ ტაივანიდან, სადაც დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

03-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც კუნძულსა და მის მეზობელ ქვეყნებში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტაივანის ქალაქ ჰუალიენის სამხრეთით დაახლოებით 18 კილომეტრში მდებარეობს.

BBC-ი ტაიბეის სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორზე, ვუ ჩიენ ფუზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსები, სხვა შენობები, განადგურებული ავტომობილები. მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია სახლებიდან და სკოლებიდან.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დიდ ტერიტორიებზე ცუნამის 3 მეტრამდე ტალღებია მოსალოდნელი.

მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა ფილიპინების სეისმოლოგიურმა სააგენტომაც.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფუძიანის პროვინციის ნაწილებშიც.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები