"ტაქსომეტრს კაი 50 ევრო დააწერინა, ძალიან გავბრაზდით, მაგრამ როდესაც საქართველოს დროშა შეამჩნია" - რა მოხდა ნეაპოლელ ტაქსის მძღოლსა და ქართველს შორის
"ნეაპოლში ტაქსი გავაჩერეთ, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის დათვალიერების შემდეგ, სასტუმროში ვბრუნდებოდით. ვიცოდით, ეს მგზავრობა დაახლოებით 20 ევრო ღირდა. ოცი კი არა, ტაქსის მძღოლმა უცხოელები რომ დაგვინახა, ნახევარი ქალაქის ქუჩები შემოგვატარა, გზა დააგრძელა, რომ ტაქსს მეტი დაეწერა და ტაქსომეტრს კაი 50 ევრო დააწერინა, ძალიან გავბრაზდით, მაგრამ რას ვიზამდით უცხო ქალაქში? როცა ადგილზე მივედით, მხოლოდ მაშინ შეამჩნია უკანა სავარძელზე მჯდომი მეგობრის შემოხვეული ჩვენი ეროვნული დროშა (მანამდე ქურთუკი უფარავდა).
ეს რა არისო-იკითხა. ავუხსენით, რომ საქართველოს ეროვნული დროშაა და რომ ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნიდან ვიყავით. კაცი პირდაპირ შარვლიდან ამოხტა. ჯერ ხომ ათწუთიანი მონოლოგი გვიკითხა-ალბათ, თქვენი ჩემდათავად გამშვების დედაო, ამბობდა. მერე კარები ჩაგვიკეტა და მანქანა დაძრა. მთელი ღამე გვატარა და მთელი ნეაპოლი დაგვათვალიერებინა. თან სულ გვიმეორებდა, ფული არ მიხსენოთ, თორემ გავგიჟდებიო. პარალელურად, მანქანაში ხვიჩას გოლების ვიდეო ჩართო და ხომ ათასჯერ ჰქონდა ნანახი, ყველა გოლზე, თითქოს პირველად უყურებდა, პირდაპირ კიოდა.
ამ ქალაქში არის ერთი უბრალო ქოჩორა ბიჭი, რომელმაც საქართველოს სახელი მთელ იტალიას დააზეპირებინა."
ჰყვება ამ ისტორიას ხაშურის "ივერიის" სტადიონის დირექტორი, ვახტანგ ჯაფარაშვილი, რომელიც ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე იმყოფებოდა.