საფრთხის შემთხვევაში 8 300 სირენა ავტომატურად ირთვება - როგორ ემზადება ავსტრია მეწყრული პროცესების გააქტიურებისთვის?

07-08-2023
გიორგი ზ.
Aa

ფეისბუქ-გვერდი ევროპის მოამბე, კლიმატური ცვლილებების რეჟიმში მცხოვრები ავსტრიის მეწყრული პროცესებისთვის მზადებაზე წერს:

"ავსტრიაში, ბოლო დღეებში მოსული ჭარბი ნალექის გამო, მეწყრის საშიშროებამ იმატა და სახელმწიფომ სასწრაფოდ, კრიზისული სიტუაციების მართვის ორგანო (შტაბი) ჩამოაყალიბა.

ამ ეტაპზე, ავსტრიელი გეოლოგები მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე 80-მდე ადგილს, სადაც მეწყრული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

ქვეყნის გეოლოგიურმა სამსახურმა პირველ ეტაპზე უხვნალექიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, შემდეგ კი, წვიმამ რომ აღარ გადაიღო,  ადგილობრივმა მთავრობამ ხალხის უსაფრთხო ადგილზე გახიზვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო, ასეულობით ადამიანს მოუწია ბოლო 24 საათის განმავლობაში საკუთარი სახლ-კარის დროებით დატოვება, მათ დასახმარებლად კი 3500-მდე მეხანძრე და ჯარისკაცია მზადყოფნაში. 

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ასეთი ინტენსიური წვიმა ათწლეულებია აქაურობას არ ახსოვს. ხუთშაბათიდან შაბათამდე მოსული ნალექის რაოდენობა კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 25 ლიტრია. განსაკუთრებით რთულადაა საქმე ქვეყნის სამხრეთით, შტირიასა და კარინტიაში.

ავსტრია მთაგორიანი ქვეყანაა და მის ტერიტორიაზე ბევრი მეწყერსაშიში კერაა, ამიტომაც, გეოლოგიისა და მეტეოროლოგიის სამსახური წვიმიანი დღეების დროს, ყოველთვის გაფაციცებით აკვირდება იმ ადგილებს, სადაც რაიმე ტიპის საფრთხეა მოსალოდნელი. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, ავტომატური გაფრთხილება მისდის ყველას, ვისაც საფრთხე ემუქრება და ვინც დარეგისტრირებულია სპეციალურ პროგრამაში, რომელსაც KATWARN Austria ჰქვია.

გარდა ამისა, მთელი ავსტრიის ტერიტორიაზე დაახლოებით 8 300 სირენაა განთავსებული, რომლებიც მეწყერის, წყალდიდობის ან სხვა ბუნებრივი კატასტროფის დროს ავტომატურად ირთვება და მოსახლეობას საფრთხის შესახებ აცნობს" - ვკითხულობთ ევროპის მოამბის ფესბუქ-გვერდზე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები