ადამიანს ღორის ღვიძლი წარმატებით გადაუნერგეს — პირველად ისტორიაში
მოდიფიცირებული ღორის ღვიძლი, რომელიც ადამიანს გადაუნერგეს, დაკვირვების პერიოდში ნორმალურად ფუნქციონირებს, არ შეიმჩნევა ორგანიზმის მიერ უარყოფის ნიშნები.
ათი დღის განმავლობაში, პაციენტში, რომელსაც თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზი აქვს, ღვიძლმა საბაზისო მეტაბოლური ფუნქციები შეასრულა. ამის შესახებ ჩინეთის მეოთხე სამხედრო სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი იუწყება.
„ეს პირველი შემთხვევაა, როცა თავის ტვინით მკვდარ ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ღვიძლი გადაუნერგეს. მნიშვნელოვანი ექსპერიმენტია, რომელიც განსხვავებულ გზას ხსნის როგორც სასიცოცხლო ორგანოების (გული), ისე არასასიცოცხლო ორგანოების (თირკმელი) დროებითი ჩანაცვლებისთვის, მაგალითად, დაავადებული ღვიძლის, იქამდე, ვიდრე გადასანერგად გამოჩნდება ადამიანის ღვიძლი“, — ამბობს ესპანეთის ტრანსპლანტაციის ეროვნული ორგანიზაციის ნეფროლოგი რაფაელ მატესანსი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ორგანოების გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტთათვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს სადონორო ორგანოებზე ხელმისაწვდომობა. ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია ქსენოტრანსპლანტაცია — ორგანოს აღება გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველისგან და მისი გამოყენება დროებით „ხიდად“, იქამდე, ვიდრე შესაფერისი ადამიანი დონორი გამოჩნდება.
ამ მეთოდის კლინიკური ცდები იმედისმომცემი აღმოჩნდა. 2023 წელს, გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ღვიძლი სამი დღის განმავლობაში გარეგანად მიაბეს თავის ტვინით მკვდარი პაციენტის სხეულს. კიდევ უფრო შორს წავიდა გენმოდიფიცირებული ღორის თირკმლების ექსპერიმენტი; მკვლევართა მრავალმა ჯგუფმა მიაღწია იმას, რომ გადანერგვის შემდეგ, ისინი ნორმალურად ფუნქციონირებდა თავის ტვინით მკვდარ პაციენტთა სხეულში.
ღვიძლის ფუნქციები თირკმელებისაზე უფრო კომპლექსურია, რის გამოც, მისი გადანერგვა უფრო რთული პერსპექტივაა. ამის გაკეთებას შესაძლებლად არ მიიჩნევს მრავალი მეცნიერი, განსაკუთრებით იმიტომ, ღორის ღვიძლის მიერ გამომუშავებულმა რომ ცხიმებმა, ცილებმა და გლუკოზამ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი იმუნური რეაქცია, რომლის დათრგუნვაც რთულია.
თავის ტვინით მკვდარ პაციენტში, ანუ ადამიანში, რომელსაც აღარ აქვს სიცოცხლისთვის შესაბამისი თავის ტვინის ფუნქციები, მკვლევართა ჯგუფმა კაი-შან ტაო ხელმძღვანელობდა, წარმატებით გადანერგა გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორისგან აღებული ღვიძლი.
ღორს ექვსი გენეტიკური მოდიფიკაცია ჩაუტარეს; ყველა მათგანი ფოკუსირებული იყო იმუნური სისტემის მიერ უარყოფის მინიმუმამდე დაყვანაზე. მათ შორის იყო იმ გენების ამოშლა, რომლებიც შუამავლობენ ჰიპერმწვავე უარყოფას და ადამიანის გენების ჩასმა, რათა ორგანო უფრო თავსებადი ყოფილიყო ადამიანის სხეულისთვის
როდესაც გადანერგვა შედგა, აღსანიშნავია, რომ ეს პაციენტის ღვიძლის სრულ ჩანაცვლებას კი არ წარმოადგენდა, არამედ ე. წ. დამხმარე ტრანსპლანტს. ამ დროს, პაციენტს თავის ღვიძლს არ აცლიან, ხელუხლებლად ტოვებენ, ღორის ღვიძლს მუცლის ღრუში სხვა პოზიციაში ათავსებენ, უერთებენ ორგანიზმს და აკვირდებიან.
პაცენტის იმუნურმა სისტემამ იმპლანტანტი არ უკუაგდო, რადგან კეთილგონივრულად იყენებდნენ იმუნოსუპრესანტებს, რომლებიც T-ლიმფოციტებისა და B-უჯრედების აქტივობას ბლოკავდა. ამასობაში, გადანერგილ ღვიძლში კარგ სიჩქარეს ინარჩუნებდა სისხლის ნაკადი, თავად ღვიძლი კი ტრადიციულად გამოიმუშავებდა როგორც ნაღველს, ისე ღორის ალბუმინს (ცილა).
ვინაიდან პაციენტს მაინც ჰქონდა საკუთარი ფუნქციური ღვიძლი, ძნელი გასარკვევია, უზრუნველყოფს თუ არა ღორის ღვიძლი ადეკვატურ ფუნქციას ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ეს უკვე სამომავლო კვლევების საგანია.
კვლევამ რაც აჩვენა ისაა, რომ გენეტიკური მოდიფიკაცია ახდენს ორგანოთა ჰიპერმწვავე უარყოფის პრევენციას და დაბლა სწევს თრომბოციტების რაოდენობას, რაც ქსენოტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული პრობლემაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს საკითხი სამომავლო კვლევებისთვის ღირს.
„კვლევა წარმოადგენს საეტაპო ნიშნულს ღვიძლის ქსენოტრანსპლანტაციის ისტორიაში, პირველად აღწერს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ღვიძლის ადამიანში გადანერგვას. ამ ნაშრომის ღირებულება ძლიერ მაღალია, როგორც მეცნიერული სიმკაცრის თვალსაზრისით, ისე პროცედურის ყოვლისმომცველი იმუნოლოგიური, ჰისტოლოგიური და ჰემოდინამიკური დახასიათების მხრივ“, — ამბობს ესპანეთის ქალაქ ოვიედოს უნივერსიტეტის ნევროპათოლოგი ივან ფერნანდესი, რომელიც ასევე არ ყოფილა ამ კვლევაში ჩართული.
შესასწავლი ჯერ კიდევ ბევრია. შეფასდა მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის ყველაზე საბაზისო მარკერების — ნაღვლისა და ალბუმინის წარმოება. კვლევა მხოლოდ ერთ პაციენტს მოიცავდა. ამის მიზეზი გასაგებია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ შედეგების ფართოდ ექსტრაპოლირება შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, წარმოადგენს წინ გადადგმულ კიდევ ერთ იმედისმომცემ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის გადამწყვეტი იყოს ღვიძლის უკმარისობის მქონე იმ ადამიანთათვის, რომლებსაც ადამიანი დონორის მოლოდინში სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო: 1tv.ge