NASA-ს მავალმა მარსზე ქვას ლაზერი მიანათა და წარსულის დიდ საიდუმლოს ახადა ფარდა
მარსის ზედაპირზე მიმოფანტული ქვები წითელი პლანეტის წარსულის მრავალ საიდუმლოს მალავენ.
ეზეროს კრატერში, ფერმკრთალ ქვაში აღმოჩენილი მინერალების წარმოქმნა შესაძლებელია მხოლოდ თბილ, ძლიერ წყლიან გარემოში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიდი ხნის წინ, მარსი შეიძლება იმაზე მეტად გამორჩეული იყო, ვიდრე ოდესმე გვიფიქრია.
„დედამიწაზე ეს მინერალები წარმოიქმნება იქ, სადაც ძლიერი ნალექები მოდის და არის თბილი კლიმატი ან ჰიდროთერმული სისტემები, მაგალითად, ცხელი წყაროები. ორივე გარემო იდეალურია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის“, — ამბობს პერდიუს უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი როჯერ ვიენსი.
მისი განცხადებით, სწორედ ეს მინერალები რჩება ქვაში, როცა ის ათასწლეულების მანძილზეა მოქცეული გამდინარე წყალში. დროთა განმავლობაში, თბილი წყალი გამორეცხავს ყველა ელემენტს, გარდა იმათი, რომლებიც წყალში უხსნადია და რჩება მხოლოდ ის, რაც მარსზე ახლახან ვიპოვეთ. მეცნიერი ამბობს, რომ საოცარია, სრულიად წარმოუდგენელი ისეთი ცივი, მშრალი პლანეტისთვის, როგორიც დღეს მარსია.
მარსი
როგორი იყო მარსი თავდაპირველად და რა შეიცვალა დროთა განმავლობაში — ეს ის საიდუმლოებია, რომელთა ამოხსნაც ძლიერ სურთ პლანეტურ მეცნიერებს, სულ მცირე იმიტომ, რომ ასე გავიგებთ, იყო თუ არა ოდესმე წითელი პლანეტა სიცოცხლის აღმოცენებისთვის ხელსაყრელი
მარსისისტორია მის ქვებში და გრუნტშია ჩაწერილი, დედამიწა კი ამის წასაკითხი ენაა. ხერხი მდგომარეობს გამორჩეული ქვების პოვნაში და მათში არსებული ინფორმაციის გაშიფვრაში, რაც არც ისე ადვილი ამოცანაა, როცა პლანეტა ჩვენგან მილიონობით კილომეტრის მანძილზეა. NASA-ს მარსმავლები, Curiosity და Perseverance სწორედ ამ ფუნქციას ასრულებენ; ამ რობოტებს მეცნიერები დედამიწიდან მართავენ.
ქვები მავალმა Perseverance-მა აღმოაჩინა ეზეროს კრატერში. ისინი უცნაურად ფერმკრთალი და მარსის გარემოსთან შეუსაბამო იყო. ასეთ ქვებს „მოცურავე“ ქვებს უწოდებენ, რადგან ზედაპირზე მოძრაობენ და თავდაპირველი ადგილმდებარეობიდან გადაადგილებულია ისეთი პროცესების მიერ, როგორიცაა ეროზია, წყალი და ა. შ.
ასეთი მოცურავე ქვები ეზეროს კრატერში მეცნიერებმა Perseverance-ის მიერ მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში შენიშნეს, მაგრამ დრო არ ჰქონდათ ახლოდან დასათვალიერებლად. ყოველ შემთხვევაში, აქამდე.
ახლახან, ამ ქვებისკენ მათ Perseverance-ის ლაზერული ინსტრუმენტი Laser Induced Breakdown Spectroscopy მიმართეს. ეს ხელსაწყო მინერალებს ლაზერულ პულსებს სტყორცნის. ლაზერული პულსი მცირე ოდენობით მინერალს აორთქლებს და გარეთ გამოაქვს; ამის შემდე, სპექტროსკოპი ინსტრუმენტი სწავლობს მინერალის ორთქლის ატომებისა და იონების მიერ გამოყოფილ სინათლეს სწავლობს და ასე ადგენენ, რომელი ელემენტებისაა ეს ატომები და იონები.
შედეგები უზარმაზარი სიურპრიზი აღმოჩნდა.
„ქვები ძლიერ განსხვავდება მარსზე აქამდე ნანახი ნებისმიერი სხვა რამისგან“, — ამბობს ვიენსი.
ქვების მთავარი შემადგენელია მინერალი კაოლინიტი — რბილი, თეთრი სილიკატური თიხა მინერალი. მარსული კაოლონიტი დედამიწისეულისგან ოდნავ განსხვავდება; არის მნიშვნნელოვნად უფრო მტკიცე, რისი მიზეზიც ალბათ მარსის სხვანაირი გარემოა.
კაოლინიტის წარმოქმნისთვის საჭიროა ზომიერი, ნესტიანი გარემო, ისეთი, როგორიც ხელსაყრელია მიკრობული სიცოცხლის ზოგიერთი ფორმისთვის. ეზეროს კრატერში ასეთი 4000-ზე მეტი ქვაა შემჩნეული, რაც ამ აღმოჩენას განსაკუთრებით ამაღელვებელს ხდის.
მკვლევრებმა ასევე გამოავლინეს მინერალი შპინელი. დედამიწაზე შპინელი მაგნიუმ-ალუმინის ძვირფასი ქვაა. უცნობია, როგორ მოხვდა შპინელი კაოლინიტის ქვებში, მაგრამ მეცნიერთა აზრით, ის ალუმინით მდიდარი ტიპია, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას როგორც ვულკანურ, ისე მეტამორფოზულ გარემოში.
ასევე უცნობია, საიდან მოვიდა კაოლინიტი. თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს კაოლინიტით მდიდარი ქანები ეზეროს კრატერის კიდეებზე. თუკი მეცნიერები დაადგენენ, სად წარმოიქმნა ქვები, უკეთესი წარმოდგენა შეექმნებათ იმაზეც, როგორ წარმოიქმნა ისინი. ამ ინფორმაციამ ასევე შეიძლება მოგვცეს სასიცოცხლო მინიშნებები მარსის წყლის ისტორიისა და წარსულში მისი სიცოცხლისთვის ხელსაყრელობის შესახებ.
„დიდი კითხვები მარსის შესახებ ეხება წყალს. რამდენი წყალი იყო? რამდენ ხანს? გამომდინარე იქიდან, რამდენად ცივი და მშრალია მარსი ახლა, სად წავიდა მთელი ეს წყალი? როგორც მინერალს, კაოლინიტს სტრუქტურაში ბევრი წყალი აქვს ჩაჭერილი. შესაძლებელია, რომ მარსზე ჯერ კიდევ ბევრი წყალია, მაგრამ მინერალებში“, — ამბობს პერდიუს უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი როჯერ ვიენსი.
კვლევა Nature Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია purdue.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო: 1tv.ge მეცნიერება