ილონ მასკის ახალი გარღვევა - Neuralink-ის ტვინის ჩიპები ადამიანს სუპერძალებს შესძენს

23-06-2025
გიორგი ზ.
Aa

ილონ მასკის თანადაფუძნებული ნეიროტექნოლოგიური კომპანია Neuralink მომდევნო 6-12 თვეში პირველად დაიწყებს ადამიანის ტვინში იმპლანტის ჩამონტაჟებას, რომლის მიზანიც მხედველობის აღდგენაა.

როგორც მასკმა Y Combinator-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა – "მალე შევქმნით პირველ იმპლანტებს მხედველობისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი სრულიად უსინათლოა, მაინც ექნება მხედველობა."

კომპანიას უკვე აქვს წარმატებული გამოცდილება – იგივე იმპლანტი რამდენიმე წლის წინ მაიმუნზე დაიტესტა. მასკის თქმით, ცხოველს ჩიპი უკვე 3 წელია ჩაუნერგეს და ის ნორმალურად ფუნქციონირებს.

მხედველობის იმპლანტი სახელად "Blindsight" თავდაპირველად დაბალი რეზოლუციის სურათს გადასცემს ტვინს, თუმცა დროთა განმავლობაში ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

"გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსახულება იქნება მაღალი რეზოლუციის და მომხმარებლებს ექნებათ უნარი, დაინახონ მულტისპექტრული ტალღები", – აცხადებს მასკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალში იმპლანტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ულტრაიისფერი სხივების, ინფრაწითელი სინათლის და რადარის აღქმაც – რაც, ფაქტობრივად, ადამიანისთვის "სუპერძალის" მინიჭებას ნიშნავს.

Neuralink-ის ტვინ-სისტემის ინტერფეისი (BCI) უკვე წარმატებით დაიტესტა სხვა მიმართულებითაც. პარალიზებული მამაკაცი, ნოლანდ არბო, რომელმაც თავის ტვინში Neuralink-ის ჩიპი მიიღო, დღეს მხოლოდ ფიქრის დახმარებით იყენებს კომპიუტერს.

მასკი დარწმუნებულია, რომ მომავალში Neuralink-ის ტექნოლოგია არა მხოლოდ დააბრუნებს დაკარგულ შესაძლებლობებს, არამედ ბევრ მათგანს გააუმჯობესებსაც – მხედველობიდან დაწყებული, მოძრაობის უნარით დამთავრებული.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები