მეცნიერთა უნიკალური აღმოჩენა - პლანეტა მარსზე საოცარ რამეს მიაგენს
მტვრიანი, მშრალი, უდაბური მარსი ერთ დროს წყლით იმდენად მდიდარი იყო, რომ არა მხოლოდ ტბები, ოკეანეებიც კი ჰქონდა. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
ქანებში შეღწევადი რადარით ჩატარებულმა დაკვირვებებმა გამოავლინა მიწისქვეშა წარმონაქმნები, რომლებიც წითელი პლანეტის ოთხი მილიარდი წლის წინანდელი პლაჟები უნდა იყოს. ეს ამ დროისათვის ჩვენს ხელთ არსებული ერთ-ერთი საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ მარსი ერთ დროს წყლიანი იყო და მის ჩრდილოეთ ნაწილში ზღვა იდგა.
ამ ზღვს მკვლევართა ჯგუფმა დეიტერონილუსი უწოდა.
„მარსზე ვპოულობთ ადგილებს, რომლებიც უძველეს პლაჟებს და მდინარეთა დელტებს ჰგავს. ვიპოვეთ ქარის, ტალღებისა და ქვიშის მტკიცებულებები — ეს პლაჟი იმ სტილის უნდა ყოფილიყო, დღეს რომ არდადეგებს ვატარებთ“, —ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგი ბენჯამინ კარდენასი.
მარსის წყლის ისტორია უზარმაზარი თავსატეხია. ერთი შეხედვით, პლანეტა ისე გამოიყურება, თითქოს მასზე წვეთი წყალიც კი არასოდეს ყოფილა. ლეგენდარულია მისი გლობალური მტვრის შტორმი.
ადვილი იქნებოდა დაგვეჯერებინა, რომ მარსი ყოველთვის ასეთი მშრალი, ქვების გროვა იყო. თუმცა, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ მარსის ზედაპირზე ერთ დროს არა მხოლოდ უბრალოდ თხევადი წყალი იდგა, არამედ წყალი იქ ზედმეტად უხვად მიედინებოდა.
შესაბამისად, კითხვაც კი აღარ არსებობს იმის შესახებ, რომ მარსზე წყალი არსებობდა. თუმცა, მაინც ბევრი კითხვა რჩება. რამდენი წყალი იყო? რამდენი ხნის წინ გაქრა? სად წავიდა და როგორ?
„პლანეტებზე ოკეანეებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ოკეანეებს დიდი ეფექტი აქვს კლიმატზე, აყალიბებენ პლანეტის ზედაპირს და პოტენციურად სასიცოცხლო გარემოს. ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი იყო ზედაპირქვეშ შეხედვის შანსი, იმ ადგილას, სადაც ჩვენი აზრით, ოკეანე უნდა ყოფილიყო — და იქ ვნახე ის, რაც ჩვენ პლაჟის დანალექები გვგონია“, — ამბოს ერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი მაიკლ მანგა.
ჩინეთის მავალ Zhurong-ის მიერ შეგროვებული მონაცემების გამოყენებით, ჩინურ-ამერიკულმა ერთობლივმა ჯგუფმა პირველ კითხვას სიღრმისეული პასუხი გასცა — საკმარისი წყალი, რათა ოკეანე აევსო.
მარსი
უტოპია-პლანიტიის რეგიონში გადაადგილებისას, Zhurong-ი ქანებში შეღწევად რადარს (GPR) იყენებდა და მარსის ზედაპირიდან 80 მეტრამდე სიღრმეში ზომავდა გრუნტს.
ეს ტექნოლოგია მიწაში რადიოტალღებს აგზავნის; როცა ეს ტალღები სხვადასხვა სიმკვრივის მასალებს ხვდება, უკან აირეკლება სხვადასხვა გზით, რაც მიწისქვეშა სტრუქტურების სამგანზომილებიანი რუკის შექმნის საშუალებას იძლევა.
Zhurong-ის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული წინა კვლევაში აღმოაჩინეს წარმონაქმნები, რომლებიც მეტყველებდა სანაპირო ხაზზე, მაგრამ ეს ინტერპრეტაცია არ დადასტურდა. GPR-ის მონაცემებმა გამოავლინა მასალების სქელი ფენები Zhurong-ის გზის კვალდაკვალ; ისინი ზემოთაა ამომართული, სავარაუდო სანაპირო ხაზის მიმართულებით 15-გრადუსიანი კუთხით, ზუსტად ისე, როგორც უძველესი, მიწაში ჩამარხული სანაპირო ხაზები დედამიწაზე.
„ეს სტრუქტურები ქვიშის დიუნებს არ ჰგავს. არც დარტყმით კრატერს. არც ლავის დინებას. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ფიქრი ოკეანეებზე“, — ამბობს მანგა.
მარსი
მისი განცხადებით, ეს წარმონაქმნები განლაგებულია უძველესი სანაპირო ხაზის პარალელურად. ორივე მათგანს შესაფერისი ორიენტაცია და დახრილობა აქვს, რათა მხარი დაუჭიროს იდეას, რომ იქ ოკეანე იმდენად დიდხანს იყო, რომ ქვიშიანი პლაჟი აკუმულირებულიყო.
ეს წარმონაქმნები მიუთითებს ვრცელ, თხევად ოკეანეზე, რომელიც მდინარეებით იკვებებოდა, ჰქონდა ტალღები და მიქცევა-მოქცევა. მიუთითებს იმასაც, რომ მარსს მილიონობით წლის განმავლობაში ჰქონდა წყლის ციკლი — დროის ის პერიოდი, რაც ასეთ დედამიწაზე ასეთი დეპოზიტების წარმოსაქმნელადაა საჭირო. ასეთი დეპოზიტები ტბის პირებზე ვერ წარმოიქმნებოდა.
„რაც უფრო დიდია წყალსატევი, მით დიდია მოქცევა. ქარს უფრო მეტი სივრცე და დრო აქვს დიდი ტალღების წარმოსაქმნელად. დიდი მოქცევები და ტალღები პლაჟებს აყალიბებს“, — აღნიშნავს მანგა.
მარსს დედამიწის მთვარე არ აქვს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე მიქცევა-მოქცევაზე. თუმცა, დედამიწის ოკეანურ მოქცევებზე გავლენას მზეც ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მარსის ოკეანური მოქცევები საკმაოდ განსხვავებული უნდა ყოფილიყო ჩვენისგან, მაინც ფრიად საოცარი უნდა ყოფილიყო. ზედაპირის ტალღები კი ქარის მიერ იყო წარმოქმნილი, ქარი კი მარსზე უხვად არის.
ახალი აღმოჩენა აძლიერებს მოსაზრებას, რომ წარსულში, მარსზე სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის ხელსაყრელი გარემო უნდა ყოფილიყო; ასევე მიუთითებს იმ ადგილებს, სადაც იქ უძველესი სიცოცხლის ნიშნები უნდა ვეძებოთ, თუკი იქ შესაფერისი აღჭურვილობით მივაღწევთ.
„სანაპირო გარემო, სადაც არის წყალი, ხმელეთი და ატმოსფერო — პოტენციურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემოა. იმის ცოდნა, სად და როდის არსებობდა ასეთი გარემო, დაგვეხმარება დავადგინოთ, სად ვეძებოთ და როგორ მოვახდინოთ თუნდაც თანამგზავრებით ჩატარებულ დაკვირვებათა ინტერპრეტირება“, — ამბობს მანგა.
მისი განცხადებით, სანაპირო ზოლები დიდებული ადგილია წარსულის სიცოცხლის კვალის საძებნელად. მიჩნეულია, რომ პირველად სიცოცხლე დედამიწაზეც ასეთ ადგილებში გაჩნდა, ჰაერისა და თავთხელი წყლის ურთიერთქმედების ადგილების სიახლოვეს.
მანგასა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული სხვა კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, მარსის წყლის უდიდესი ნაწილი მისმა წიაღმა შთანთქა, სადაც ის დღესაც იმალება ვრცელი, მიუწვდომელი თხევადი რეზერვუარების სახით.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.