"თაზო ცემით ჰყავს მოკლული, ცოცხალ-მკვდარი ბიჭი სახლში ჩაკეტეს..." - ცნობილია თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა
თბილისში სადისტურად მოკლული 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. თაზოს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, მოგვიანებით კი ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყვეს.
როგორც გაირკვა, იმ დროს როცა ოჯახი ბიჭს ეძებდა, ის უკვე მოკლული ჰყავდათ. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ერთ-ერთი დამნაშავის სახლში მოხდა, რის შემდეგ ცხედარი ბინაში ჩაკეტეს და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ. ეს ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, როცა მკვლელობაში ბრალდებულის დედა სახლში დაბრუნდა და უმძიმესი სურათი დახვდა. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი ბინაში, შვილი კი სახლიდან გაქცეული იყო.
მკვლელობის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დიდხანს მიდიოდა, ახალგაზრდის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ამ უმძიმეს ფაქტზე ინფორმაცია დღეს ცნობილმა ადვოკატმა ელისო რუხაძემ გაავრცელა სოციალურ ქსელში:
"ჩემი მეგობრის, უსაყვარლესი გოგოს შვილი მოკლეს, მკვლელებმა ცოცხალ-მკვდარი ბიჭი მკვლელის სახლში ჩაკეტეს და მკვლელის დედამ იპოვა გვამი 2 დღის შემდეგ. ოჯახი 2 დღე ეძებდა თაზოს. სამხარაულიდან დღეს ჩემს თვალწინ 3 ახალგაზრდა 18, 20 წლის ბიჭების გვამები გამოასვენეს, სად ვცხოვრობთ ხალხო, რა ქვეყანაა ეს, ასე პირსისხლიანი მკვლელები სახელმწიფოს გარეთ რატომ გვყავს? რანაირად ვანუგეშო თაზოს დედა, ან რა სიტყვები ვუთხრა არ ვიცი... ერთს გპირდები, მკვლელები სათანადოდ დაისჯება და უმკაცრესად",- წერს ადვოკატი ელისო რუხაძე "ფეისბუქზე".