"ვივამედის" კლინიკური დირექტორი მზია ამაღლობელზე: ახალი გამოკვლევით, მდგომარეობა შედარებით გაუარესებულია
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაარწმუნონ, შეწყვიტოს შიმშილობა.
ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ თუ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი შიმშილობას არ შეწყვეტს, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
"რადიო თავისუფლებასთან" ჩხაიძე ამბობს, რომ პროგნოზს უახლეს კვლევებზე დაყრდნობით აკეთებს.
„მისი ზოგადი მდგომარეობა შეესაბამება მის ხანგრძლივ შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, პაციენტი მზია სრულად დაექვემდებაროს ექიმების რეკომენდაციებს. რეკომენდაციაა, დაიწყოს საკვების მიღება - ეს ერთადერთი გზაა, რომ თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი.
ამის თქმის საშუალებას გვაძლევს მისი მდგომარეობა და ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები, რაც უტარდება და რაც ჩატარდა დღეს“, - ამბობს ზურა ჩხაიძე.
მზია ამაღლობელი 37 დღეა, შიმშილობს. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი დიდია.
ექიმების განცხადებით, ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე.