დედამიწას შეიძლება ასტეროიდი ბენუ დაეცეს — მეცნიერებმა ამ მოვლენის შედეგების სიმულაცია ჩაატარეს

13-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

მეცნიერებმა ჩაატარეს სიმულაცია იმისა, რა მოხდება დედამიწაზე, მომდევნო საუკუნეში რომ ბორცვის ზომის კოსმოსური ლოდი შეგვეჯახოს. შედეგები არც ისე სასიამოვნოა და მიგვანიშნებს, რა დაგვჭირდებოდა ასეთი კატასტროფისგან გადასარჩენად.

დიდი ასტეროიდი დედამიწას ბოლოს ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ დაეცა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგივე მომავალში აღარ მოხდება. კოსმოსი ქვებითაა გადაჭედილი და მრავალი მათგანი ისეთი ტრაექტორიით მოძრაობს, რომ შეიძლება, დედამიწასთან კონტაქტშიც შევიდნენ.

ერთ-ერთი მათგანია ასტეროიდი ბენუ, რომლის ზედაპირიდანაც NASA-ს მისიამ ნიმუშები წარმატებით აიღო და 2023 წელს დედამიწაზე ჩამოიტანა. არსებობს შანსი, რომ 157 წლის შემდეგ, 2182 წლის სექტემბერში, ეს ასტეროიდი დედამიწას შეეჯახოს.

მართალია, ამის შანსი მცირეა, 2700-ში ერთი, ანუ 0,04 პროცენტი, მაგრამ არა ნული.

იმისათვის, რათა უარესისთვის ვიყოთ მზად, სამხრეთკორეელმა კლიმატურმა მეცნიერებმა ჩაატარეს მოდელირება იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს ასეთი შეჯახების შემთხვევაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს დიდი ასტეროიდი დედამიწას 66 მილიონი წლის წინ დაეცა, ე. წ. ჩისკულუბი, რამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

ბენუს დიამეტრი 500 მეტრია და გაცილებით პატარაა, ვიდრე ჩისკულუბი, რომლის დიამეტრის 15 კმ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, შედეგები მაინც საგანგაშო იქნება.

„ჩვენს სიმულაციებში, სტრატოსფეროში შევიყვანეთ 400 მილიონი ტონა მტვერი, რამაც აჩვენა გამოხატული დარღვევები კლიმატში, ატმოსფეროს ქიმიაში და გლობალურ ფოტოსინთეზში. სიმულაციებში გლობალური საშუალო ტემპერატურა 4 გრადუსი ცელსიუსით შემცირდა, გლობალური ნალექების მაჩვენებელი კი 15 პროცენტით“, — წერენ ქალაქ პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრები, ლან დაი და აქსელ ტიმერმანი.

საშუალოდან დიდისკენ გარდამავალი ასტეროიდის შეჯახების ეფექტები ბოლომდე ცნობილი არ არის; ასეთ კატასტროფულ მოვლენებს ალბათ ხანგრძლივი და შორსმიმავალი შედეგები ექნება. ჩისკულუბის დაცემის ეფექტები მეცნიერებმა შეისწავლეს გეოლოგიური, ნამარხი და ხეების ჩანაწერებით, რომლებმაც ერთობლივად საკმაოდ შემზარავი სურათი დახატეს.

სამომავლო შეჯახების ეფექტების დასადგენად, დაიმ და ტიმერმანმა უნივერსიტეტის სუპერკომპიუტერი Aleph-ი გამოიყენეს. ასე ჩაატარეს დედამიწასთან 500-მეტრიანი ასტეროიდის შეჯახების სიმულაცია; მათ შორის იყო ხმელეთის და ზღვის ეკოსისტემების სიმულაციები, რომლებიც წინა სიმულაციებში გამოტოვებული იყო.

ასტეროიდის დაცემა

დედამიწას არა უშუალოდ შეჯახება, არამედ ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაანადგურებს. მკვლევართა დასკვნით, ასეთი დარტყმა პლანეტის ატმოსფეროში აიტანს 100-400 მილიონ ტონა მტვერს, რაც მოშლის ატმოსფეროს ქიმიას, მზეს იმდენად ჩააბნელებს, რომ ხელს შეუშლის ფოტოსინთეზს და კატასტროფულად დაარტყამს კლიმატს.

ტემპერატურისა და ნალექების შემცირების გარდა, შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ გამოილევა ოზონის 32 პროცენტი. წინა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ოზონის გამოლევას დედამიწის მცენარეული სიცოცხლის განადგურება შეუძლია.

„მკვეთრი ზემოქმედება მოხდება ზამთარზე, რაც მცენარეების ზრდისთვის არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს მოიტანს, რაც თავდაპირველად გამოიწვევს ფოტოსინთეზის 20-30 პროცენტით შემცირებას ხმელეთის და ზღვის ეკოსისტემებში. ეს კი გამოიწვევს სურსათის გლობალური უსაფრთხოების მასიურ მოშლას“, — ამბობს დიასი.

მიუხედავად იმისა, რომ ხმელეთის მცენარეები ასეთი ცვლილებებისადმი მგრძნობიარენი არიან და აღდგენისთვის დიდი დრო სჭირდებათ, წყალსატევებში გავრცელებული წყალმცენარეები არა მხოლოდ სწრაფად, თვეებში აღდგებიან, იმ დონემდე გაიზრდებიან, რასაც ახლა, ნორმალურ კლიმატურ პირობებში ვერ აღწევენ.

ასეთი მოულოდნელი ქცევა დაკავშირებული აღმოჩნდა ასტეროიდის მტვერში შემავალ რკინასთან და დაცემის დროს დედამიწიდან ამოტყორცნილ მასალებთან — საკვებ ნივთიერებებში, რომლებიც სიმულირებულ წყალმცენარეებს აღორძინებაში დაეხმარა. ასე იყო განსაკუთრებით წყლის დიატომეების შემთხვევაში, რომლებითაც ზოოპლანქტონი იკვებება. მკვლევართა განცხადებით, ეს შეიძლება გახდეს სასურსათო დაუცველობის შემსუბუქების შესაძლო გზა.

დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად ხშირად ეცემოდა ჩვენს პლანეტას ისტორიის განმავლობაში დიდი ასტეროიდები. კრატერები ეროზიული პროცესების მიერ არის წაშლილი და დაფარული. ზოგიერთი დიდი ლოდი ჰაერში ფეთქდება და მისგან მხოლოდ ნაშალი რჩება, რომლის პოვნაც რთულია გეოლოგიურ ჩანაწერებში.

თუმცა, როგორც შეფასებები მიუთითებს, ასეთი შეჯახებები ხშირია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობა მთლიანობაში ალბათ გადაურჩება ასტეროიდ ბენუს დაცემას, მაგრამ სულ მცირე რაღაც პერიოდით მოუწევს ცხოვრების სტილის დრამატულად შეცვლა.

„საშუალოდ, საშუალო ზომის ასტეროიდები დედამიწას დაახლოებით ყოველ 100-200 ათას წელიწადში ერთხელ ეჯახება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ადრეულმა წინაპრებმა შეიძლება გამოცადეს ასეთი კატასტროფული მოვლენები“, — ამბობს ტიმერმანი.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ibs.re.kr-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები