ექსპერტიზის დასკვნა - კესარია აბრამიძის საქმიდან ახალი დეტალები გასაჯაროვდა
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს, ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ დამატებითი მტკიცებულება – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რაც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო.
დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნია, გარდა დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა.
პროკურორის თქმით, აბრამიძისთვის მიყენებული ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, ხოლო გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია მიყენებული დაზიანებების რაოდენობასა და სისხლნაკლებობასთან. ამასთან, საქმეში არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ბექა ჯაიანი ოჯახის წევრს უყვება, თუ როგორ აყენებდა აბრამიძეს ფიზიკურ შეურაცხყოფას.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზს ასახავს. დადასტურებულია, რომ ბექა ჯაიანმა მას დანით 28 ჭრილობა მიაყენა, რაც გარდაცვალების უშუალო მიზეზი გახდა. დაცვის მხარემ აღნიშნული დასკვნა სადავოდ მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე ექსპერტი დაიკითხება.
რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს, ვიდეო და აუდიოჩანაწერებს, ეს ყველაფერი უტყუარად ადასტურებს, რომ ბექა ჯაიანის მიერ ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერისა და იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, ასევე სისტემატური ფიზიკური ძალადობა აბრამიძის მიმართ.
მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ კესარია აბრამიძე მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ბექა ჯაიანის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ უყვებოდა. გარდა ამისა, არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ჯაიანი ოჯახის წევრს ესაუბრება და აღიარებს, რომ აბრამიძეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობა ფონოიდოსკოპიური ექსპერტიზით დადასტურდა", - განაცხადა ნიშნიანიძემ.
ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.