დედის გარეშე, ორი მამისგან შექმნილმა თაგვმა ზრდასრულ ასაკს მიაღწია — დიდი სამეცნიერო მიღწევა #1tvმეცნიერება
თაგვმა, რომელიც ჩინეთში ბიოლოგიური დედის გარეშე შექმნეს, სრულწლოვანებამდე მიაღწია. ეს გახლავთ დიდი სამეცნიერო მიღწევა, რომელსაც მრავალი წელი დასჭირდა.
ეს ყველაფერი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფმა ღეროვანი უჯრედების ზუსტი ინჟინერიის გამოყენებით შეძლო. ჯგუფს მოლეკულური ბიოლოგი ჟი-კუნ ლი ხელმძღვანელობდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მეცნიერებმა თაგვი ორი მამრი მშობლისგან შექმნეს. 2023 წელს, იაპონელმა მეცნიერებმა იმავეს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მიაღწიეს.
იქამდე, მამრის ღეროვანი უჯრედებისგან კვერცხუჯრედების წარმოქმნის ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. უდედო ნაშიერები მდედრი სუროგატის გზით იბადებიან და როგორც წესი, არასიცოცხლისუნარიანი არიან და აქვთ მწვავე განვითარებითი დეფექტები.
თუმცა, ასე არ მოხდა ჩინეთში ახლახან შექმნილი „ორმამიანი“ თაგვების შემთხვევაში. ამ ზრდასრულ ძუძუმწოვრებს თავად გამრავლება არ შეუძლიათ, მაგრამ წინამორბედებზე უფრო ჯანმრთელნი არიან და არ აღენიშნებათ კვების ან სუნთქვის ფატალური გართულებები.
მათი და-ძმების დაახლოებით ნახევარმა სრულწლოვანებამდე ვერ მიაღწია, ემბრიონების თითქმის 90 პროცენტი კი არ დაიბადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესის წარმატების მაჩვენებელი ჯერ მაინც დაბალია.
ჯერ კიდევ დიდი გზაა იქამდე, ვიდრე ამ სახის მეთოდის გამოყენება ადამიანებზეც იქნება შესაძლებელი, მაგრამ როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მათი კვლევა მეცნიერებს დაეხმარება, რომ უკეთესად შეისწავლონ მსგავსი გენეტიკური პრობლემებით გამოწვეული თანდაყოლილი პრობლემები ადამიანებში.