რას სთავაზობს რუსთავი 2 მაყურებელს? რუსთავი 2 ახალ ეტაპს იწყებს: რა სიახლეა განახლებული ტექნიკითა და უმაღლესი ხარისხით?
ტელეკომპანია რუსთავი 2 იწყებს ახალ, ისტორიულ ეტაპს, რომელიც მაუწყებლობის ხარისხისა და ტექნოლოგიური სტანდარტების სრულად განახლებას მოიცავს. პირველად არხის ისტორიაში, მაყურებელი კურიერს HD ფორმატში, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით იხილავს. ეს ტექნოლოგიური გარღვევა ტელეკომპანიას კიდევ უფრო თანამედროვე და მოთხოვნად მაუწყებლად აქცევს.
მნიშვნელოვანი სიახლეა ტელეკომპანიის ლოკაციის ცვლილებაც. რუსთავი 2 სრულად გადადის ზურაბ ანჯაფარიძის 5 ნომერში განთავსებულ თანამედროვე და სრულად აღჭურვილ სივრცეში, სადაც ყველა ტექნიკური და შემოქმედებითი პროცესი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული. ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დირექტორმა, ვაკო ავალიანმა, მიიღო, რომელიც აცხადებს, რომ ეს გარდამტეხი ეტაპი ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების დასაწყისია.
ტელეკომპანია ემშვიდობება დელისის ისტორიულ შენობას, სადაც ათწლეულების განმავლობაში მისი საეთერო საქმიანობა მიმდინარეობდა. დელისის სტუდია რუსთავი 2-ის მნიშვნელოვან სიმბოლოდ დარჩება, მაგრამ ახალი ლოკაცია და ტექნოლოგიური პროგრესი არხის მაუწყებლობის ხარისხსა და სერვისს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მაყურებელია. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მათ მაღალი ხარისხის კონტენტი, რომელიც მუდმივად იქნება ორიენტირებული ინოვაციებზე და უმაღლეს სტანდარტებზე, – აღნიშნავს ვაკო ავალიანი.
რუსთავი 2 ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სიახლეებისა და განვითარებისთვის მზადაა, რაც არხს ლიდერ პოზიციას ინარჩუნებინებს ქართულ ტელესივრცეში.