"ახლა შევიტყვე...პირველად მიწევს საკუთარ თავზე ამის დაწერაც" - რას ამბობს გიორგი კეკელიძე?
მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"ახლა შევიტყვე, რომ თურმე ჩემი ,,შეხედულებების გამო" ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც.
სკოლებში სამი მიზეზით დავდივარ - წიგნები მიმაქვს, წიგნიერებაზე ვესაუბრები და ,,თომას ზღაპრების" პატარა მკითხველებს ვხვდები. ცხადია, თვითონ მიწვევენ. საკუთარი თავისთვის არასდროს მიმიცია უფლება გავცდენოდი შეხვედრის მიზანს. ჩემს შეხედულებებს რაც შეეხება, ამაზე მოგეხსენებათ - მაქვს საკუთარი წითელი ხაზი - ეს არის რუსული ოკუპაცია და შესაბამისად - ქვეყნის ადგილი და მომავალი. ეს არის თემა, რომელზეც არასდროს გავჩუმდები.
და პირველად მიწევს საკუთარ თავზე ამის დაწერაც - ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონია იმხელა სახალხო სიყვარული, რაც მე შემემთხვა - ყველგან - ქალაქში, სოფელში, მთაში თუ ბარში ადამიანები მხვდებიან ღიმილით და სიხარულით. შეიძლება სულაც დაუმსახურებელია ეს ამბავი ჯერ - მაგრამ ასეა და ჩემი გაუქმების მცდელობა მხოლოდ ტრაგი-კომიკური შეიძლება იყოს. ეგ გამოცდილია უკვე - მათ შორის მავნებელი სასარგებლო იდიოტების მიერაც საკუთარ ტყავზე.
ასობით მასწავლებელი და ათასობით მოსწავლე ითხოვს შეხვედრას. ამიტომაც, დიდი იმედი მაქვს, ეს უკიდურესად ცალკეული, თვითნებური შემთხვევა გამოდგება." - წერს გიორგი კეკელიძე