"ტაძარში დავდივარ, ეს ჩემი სამყაროა. ვარჯიშიც ძალიან მეხმარება ძალების აღდგენაში. არ მომწონს მკაცრი დიეტები, შემიძლია, შუაღამისას გემრიელად მივირთვა" - ეკო ფანგანის "სილამაზის ფორმულა"

05-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მომხიბვლელი, ღიმილიანი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი საუკეთესო ფორმაშია და ყოველთვის დადებით ენერგიას ასხივებს.


როგორ ახერხებს ფორმის და კარგი განწყობის შენარჩუნებას, ამის შესახებ, თავად გვიამბობს.


- დავიწყოთ პრობლემით, რომელიც საქართველოში ყოველ მეორე ქალს აწუხებს: როგორ ახერხებთ ზედმეტ წონასთან ბრძოლას და იდეალური ფორმის შენარჩუნებას?


ეკო ფანგანი:


- სულ ვამბობ, რომ გამიმართლა, რადგან ეს პრობლემა არ მაწუხებს, არც არასდროს მაწუხებდა. ალბათ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ზედმეტი წონისკენ მიდრეკილება არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გენეტიკის დამსახურებაა - ჩემს მშობლებსაც მსგავსი აღნაგობა აქვთ და ეს პრობლემა მათაც არასდროს ჰქონიათ. ძალიან გამიმართლა და მადლობა მათ.


- ტკბილეულს და ცომეულსაც თამამად მიირთმევთ?


- ჩემს თავს არანაირ შეზღუდვას არ ვუწესებ, შემიძლია, შუაღამისას მომშივდეს და გემრიელად მივირთვა. მაგალითად: ამ რამდენიმე დღის წინ, ღამით მომშივდა, ავდექი და კარაქიანი პური ვჭამე. არ მომწონს, მკაცრ დიეტებს რომ იცავენ და მიმაჩნია, რომ ჯანსაღი კვება ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო და კარგია. ვფიქრობ, ადამიანმა დოზირებულად ყველაფერი უნდა მიიღოს, არარაფინირებული საკვების გარდა, მათ შორის - პურიც. სასურველია, თუ ჩვენს რაციონში ბუნებრივი პროდუქტები დიდი რაოდენობით იქნება.


- თქვენი დაკვირვებით, რა არის ორგანიზმისთვის ყველაზე საზიანო?


- ტკბილეული, ნამცხვრები და ტორტები - ეს არის სწორედ არარაფინირებული საკვები, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო სულაც არ არის. ტკბილეული ყველაზე ცუდია, გაცილებით ცუდი, ვიდრე - ცომეული, ამიტომ ჩემს თავს ხშირად ვუმეორებ, რომ სასარგებლო გლუკოზა მხოლოდ ხილშია. წონის კლების პროცესი სხვაა, მაგრამ უკვე დაკლებული წონის შენარჩუნება გაცილებით რთული საქმეა. მიუხედავად ამისა, ადამიანმა კვირაში ერთხელ შეიძლება ტკბილეული ან ის საკვები მიიღოს, რომელიც ძალიან უყვარს. რატომ? - როდესაც რაღაც ძალიან გინდა და ვერ ჭამ, ეს ერთგვარი სტრესია. დამიჯერეთ, საკვების გამო სტრესში ყოფნა ნამდვილად არ ღირს.


- თუ არსებობს საკვები, რომელზეც მტკიცე უარი თქვით და აღარ ეკარებით?


- უარი ვთქვი ყველანაირ ხორცზე, რომელიც ძალიან მიყვარდა. გამიჭირდა, მაგრამ რაღაცნაირად, გადავეჩვიე. ამის მიზეზი ცხოველების სიყვარულია, რეგალიაც კი მაქვს - "ცხოველთა მცველი" და ამით ძალიან ვამაყობ. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ ვეგეტარიანელი ვარ - არა. ვეგანები მიიჩნევენ, რომ ხორცი ადამიანის სხეულთან შეუსაბამოა და ჩვენს ჯანმრთელობას არ უხდება, მე კი, ცხოველების სიყვარულის გამო ვთქვი ხორცზე უარი და ამისათვის დიდი ძალისხმევა დამჭირდა.


- რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ფიზიკურ აქტივობას და ვარჯიშს?


- ვარჯიში ძალიან მომწონს, მაგრამ ბოლო წლებია, რაც დავიწყე, უფრო ზუსტად, კოვიდის დაწყებამდე გამიჩნდა სურვილი, რომ სისტემატურად მევარჯიშა. ახლა, როგორც კი შევძლებ, დღეში ერთ საათს მაინც ვვარჯიშობ, შესაძლოა, ყოველდღე ვერ მოვახერხო, მაგრამ კვირაში 3-4 დღე მაინც მაქვს სავარჯიშოდ გამოყოფილი.

- სახეს როგორ უვლით? აკნე, გამონაყარი ან სხვა პრობლემა თუ გქონიათ და როგორ უმკლავდებით?

- აკნე არასდროს მქონია, მაგრამ მაინც არ ვფიქრობ, რომ სახის კანი იდეალურ მდგომარეობაში მაქვს. ამის მიზეზი ხშირი გარუჯვაა. რუჯის მიუხედავად, სახეს ჩვეულებრივად ვუვლი, მომწონს, როცა კანი დატენიანებული და მოვლილია. იყო დრო, როცა ძალიან ღია ფერის კანი მქონდა, ეს ახლა არ მეტყობა, რადგან ყოველთვის ვირუჯები, შეიძლება ეს ჩემს კანზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ვამბობ.

- ამბობენ, ლამაზი თმა ქალის უპირველესი სამკაულიაო... თქვენ როგორ უვლით ამ "სამკაულს"?

- ადრე თმას ნაირ-ნაირ ფერად ვიღებავდი, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი. ამჟამად, თმას არ ვიღებავ და განსაკუთრებულს არაფერს ვიკეთებ, რომ მისი ხარისხი გავაუმჯობესო. უბრალოდ, ისეთ შამპუნს ვიყენებ, რომელიც ჩემი თმის ტიპს შეესაბამება. ბოლოებს კი ბალზამით ან ზეთით ვიმუშავებ, როგორც ყველა. ასე რომ, თმაზე არც სპეციალურ ნიღბებს ვიკეთებ და არც ბოტოქსს.

- დადებითი განწყობა ადამიანს თავდაჯერებას და სილამაზეს ჰმატებს. თქვენ როგორ ახერხებთ ამ რთულ დროში წინასწორობის და კარგი განწყობის შენარჩუნებას?

- გამოგიტყდებით, ყოველთვის ვერ ვახერხებ, მაგრამ მეც მაქვს ჩემი პატარა ხრიკები, რომელსაც ვიყენებ: პირველ ყოვლისა, ძალიან კარგი მეგობრები მყავს, მათთან ყოფნა ყოველთვის მახარებს და მამშვიდებს. ტაძარში დავდივარ, სადაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი სამყაროა. ვარჯიშიც ძალიან მეხმარება განტვირთვასა და ძალების აღდგენაში. სწორედ ამ გზით ვახერხებ, დადებითი განწყობა და სტაბილური მდგომარეობა შევინარჩუნო. ისიც ხელს მიწყობს, რომ ძილი არ მიყვარს, შემიძლია ღამითაც ვიშრომო და მეორე დღეს არც უძილობა მეტყობოდეს, არც დაღლა.

- ესე იგი, პასიური დასვენება არ მოგწონთ?

- ასეთი დასვენებაც კარგია, მაგრამ გააჩნია, ადამიანს ახლა, ამ სიტუაციაში რა სჭირდება. შეიძლება სტრესული მდგომარეობიდან აქტიურმა დასვენებამ უფრო გამოგიყვანოს - ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული.

- და ბოლოს, რა უფრო უხდება ქალს - თანამედროვე, ექსტრავაგანტური სტილი თუ კლასიკური სტილის ფეხსაცმელი ან ჩაცმულობა?

- ჩემი აზრით, ადამიანს სრული უფლება აქვს, არჩევანი გააკეთოს, რა მოსწონს და რა ურჩევნია, უბრალოდ, არასდროს უნდა მიბაძოს სხვას. ინდივიდუალიზმი უნდა შეინარჩუნო - ჩემი აზრით, ეს მთავარი პრინციპია. მთავარია, ადამიანმა თავისი თავი იპოვოს, გაიცნოს და შეიყვაროს ისეთი, როგორიცაა. თვითმყოფადი გახდეს და ამ შემთხვევაში, ყველასთვის საინტერესო იქნება: ახლობლებისთვის, კოლეგებისთვის და, რა თქმა უნდა, მეგობრებისთვის... ვფიქრობ, რომ ინდივიდუალიზმთან ერთად, ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უმთავრესია, რადგან ის ჩვენს გარეგნულ იერზეც აისახება.

ხათუნა ჩიგოგიძე


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები