“დიდი ხანი ვაგროვებდი ფულს, ნამდვილად მე ვიყიდე და არავის უჩუქებია…“ – სალომე კაპანაძემ ოცნების სახლი იყიდა

05-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გარდა იმისა, რომ მოდელ სალომე კაპანაძის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია და გვერდით საყვარელი მამაკაცი გამოჩნდა, ასევე მან დიდი ხნის ოცნება აიხდინა და საკუთარი, ახალი სახლიც იყიდა, რომელიც მისივე გემოვნებით მოაწყო.

აღნიშნულ სიახლეებზე ინფლუენსერმა ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა.

“დიდი ხანია, ვგეგმავდი სახლის ყიდვას და ეს ოცნებაც ავიხდინე. ბავშვობაში, ოცნებაში როგორ სახლსაც წარმოვიდგენდი, ზუსტად ისეთია. სხვათა შორის, ამაზეც გავრცელდა ჭორი, მაგრამ დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობდი, ვაგროვებდი ფულს, ნამდვილად მე ვიყიდე და არავის უჩუქებია. ჩემი ოცნების სახლიც მაქვს და რაც მთავარია, მაქვს საკუთარი, ცალკე გარდერობის ოთახი, რომელიც სულ მინდოდა, მქონოდა. სახლი ისე მოვაწყვე, როგორც მე მინდოდა, ჩემი გემოვნებით. ზოგადად, სულსწრაფი ვარ, რასაც ვიტყვი დღეს, დღესვე მინდა. სახლი დღესვე და ახლავე ვერ გამოვიდოდა, მაგრამ უსწრაფეს დროში გავაკეთე რემონტი, ავეჯიც შევიძინე და გადავედი საცხოვრებლად. ორი თვე დამჭირდა და ყველაფერი ჩემს გემოზე გავაკეთე – ბევრი განათებით, ღია ტონალობაში, კრემისფერი და ოქროსფერი დეტალებით. მიყვარს ნათელი ფერები და არ გადავტვირთე ზედმეტი დეტალებითა და ავეჯით. ძალიან მომწონს ჩემი ახალი სახლი, თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ. რომ შევდივარ ჩემს საოცნებო ბინაში და კარს მივიკეტავ, ამაყი ვარ, ვხვდები, რომ მაგარი გოგო ვარ, ჩემი შრომითა და წვალებით მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. ჩემი სიძლიერე ისაა, რომ არ ვჩერდები, არ ვიხედები უკან, არ ვყოვნდები ერთ ადგილას, სულ წინ მივდივარ. ბინა ჩემი ოცნების ნაწილი იყო და ესეც ავიხდინე. გული მწყდება, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ შეიძლება, ახალგაზრდა გოგომ, მარტომ, თავისი შრომით შეიქმნას საკუთარი ბედნიერება, აიხდინოს სურვილები. მანქანაა თუ სახლი, ყველაფერს ვიღაცას აწერენ, თითქოს სხვამ მიყიდა ან მაჩუქა. ამაზე გული მწყდება.

მარტივი არ არის დღევანდელ დღეს სახლი და მანქანა დამოუკიდებლად იყიდო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, დღეს გადავწყვიტე და დღესვე ვიყიდე, ასე არ ყოფილა. ამ ყველაფრისთვის წლების განმავლობაში ვაგროვებდი ფულს და ამ შრომის ფასს რომ ვერ ხვდებიან და ჩემში ვერ ხედავენ, სწორედ ამაზე მწყდება გული. თუმცა, იმ ადამიანებმა, ვინც ჩემ გვერდითაა, ზუსტად იციან, როგორი შრომის ფასად დამიჯდა ოცნებების ახდენა. ქმრისგან, მამისგან, საყვარელი მამაკაცისგან თუ მეგობრისგან ნაჩუქარი ძალიან კარგია… ეჩუქებინათ, უარს არ ვიტყოდი, მაგრამ არ უჩუქებიათ (იცინის). ყოველთვის და ყველგან ვიტყვი, რომ რაც მაქვს, ჩემი წვალებითა და შრომით მაქვს. დიდი ხნის ოცნების შემდეგ მოვედი დღევანდელობამდე და არა სხვისი დახმარებებითა და ჩუქებებით. სამწუხაროდ, მეგობრებისგან ღალატის მსხვერპლი ხშირად გავმხდარვარ და ამაზე ძალიან მწყდება გული. ამიტომ ვთქვი ინტერვიუს დასაწყისში, მიმართლებს საქმეში და არა ურთიერთობებში-მეთქი. ღალატი მეგობრებისგან არაერთხელ ყოფილა, თუმცა მიპატიებია, არ ჩამიდია გულში. პატიება კი შემიძლია, მაგრამ ადამიანზე ერთხელ თუ ჩავიქნიე ხელი, მერე მასთან ვეღარ მექნება ურთიერთობა. მოკლედ, ვპატიობ, მაგრამ ურთიერთობებს ვწყვეტ. ძალიან მიმნდობი ვარ და ჩემში ეს თვისება არ მომწონს. ზოგადად, შუალედის დაჭერა არ შემიძლია – ან ჩემია ადამიანი, ან – არა. ზოგადად, ხომ ამბობენ სხვის მაგალითზე სწავლობენ ჭკუასო… მე – პირიქით, ჩემს მაგალითზე მირჩევნია ჭკუის სწავლა. უბოროტო ადამიანი ვარ, მჯერა კარმის და თუ რამე ნეგატიური გავიფიქრე, იმწუთას შიში მიპყრობს და ჩემს თავს ვტუქსავ: რას აკეთებ, სალომე? ხომ იცი, უკან მოგიბრუნდება! მჯერა, რომ რასაც გააკეთებ, უკან გიბრუნდება. ამიტომ, ვექცევი სხვას ისე, როგორც მინდა, მე მომექცნენ. ყოველი დღე, წამი და წუთი გაწერილი მაქვს, არცერთი დღეს არ ვტოვებ გეგმის გარეშე. რის გაკეთებასაც ვგეგმავ, ფურცელზე მაქვს ჩამოწერილი. ახლა სტაბილურად ვარ, თუმცა მაქვს რაღაცები დასალაგებელი და იმედია, ესეც დალაგდება და ეს ოცნებებიც ამიხდება. დღეს თამამად შემიძლია, ვთქვა, ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი გეგმები რომ შესრულდება, მერე უბედნიერესი ვიქნები.”


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები