დედამიწაზე უზარმაზარი სუპერკონტინენტი წარმოიქმნება - მეცნიერები დასკვნას დებენ

03-11-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

სუპერკონტინენტები, ხმელეთის გიგანტური მასები, რომლებიც რამდენიმე სხვადასხვა კონტინენტისგან შედგებოდა, 200 მილიონი წლის შემდეგ შეიძლება დედამიწაზე შეიძლება კვლავ გამოჩნდეს, რასაც დრამატული გავლენა ექნება ჩვენი პლანეტის კლიმატზე.

ცოტა ხნის წინ, სუპერკონტინენტთა გადაწყობის შედეგად, მეცნიერებმა დედამიწის შორეული მომავლის მოდელი შექმნეს; შედეგები ამერიკის გეოფიზიკური კავშირის (AGU) ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინეს.

შეისწავლეს ორი სცენარი: პირველ სცენარში, 200 მილიონი წლის შემდეგ, თითქმის ყველა კონტინენტი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადმოდის, სამხრეთში მხოლოდ ანტარქტიდა რჩება. მეორე სცენარში კი, დაახლოებით 250 მილიონი წლის შემდეგ, სუპერკონტინენტი ეკვატორის მიდამოებში ყალიბდება და ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში ვრცელდება.

ორივე შემთხვევაში, სუპერკონტინენტთა ტოპოგრაფიაზე დაყრდნობით, მეცნიერებმა გლობალურ კლიმატზე გავლენა დაიანგარიშეს.

ძალიან გაუკვირდათ იმის აღმოჩენა, რომ როდესაც კონტინენტებმა თავი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოიყარა და მათი რელიეფი მთიანი იყო, გლობალური ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე სხვა მოდელების შემთხვევაში. მეცნიერთა განცხადებით, ამგვარმა შედეგმა შეიძლება გამოიწვიოს დედამიწის ისტორიაში ჯერ არნახული გამყინვარება, რომელიც სულ მცირე 100 მილიონი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

33 რმ, რაც დედამიწაზე მოხდება შემდეგი ტრილიონი წლის განმავლობაში

მსგავსი: 33 რამ, რაც დედამიწაზე მოხდება შემდეგი ტრილიონი წლის განმავლობაში

დედამიწის კონტინენტები ყოველთვის ისე არ გამოიყურებოდა, როგორც დღესაა. კვლევის ავტორის, NASA-ს ფიზიკური მეცნიერის, მაიკლ ვეის განცხადებით, გასული 3 მილიარდი წლის განმავლობაში, პლანეტამ მრავალციკლიანი პერიოდები განვლო, რომლებშიც კონტინენტები ჯერ ერთად იყრიდა თავს და სუპერკონტინენტებს წარმოქმნიდა, შემდეგ კი კვლავ იშლებოდა.

ყველაზე ბოლო სუპერკონტინენტი იყო პანგეა, რომელიც დაახლოებით 300-200 მილიონი წლის წინ არსებობდა და მოიცავდა დღევანდელ აფრიკას, ევროპას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას.

პანგეამდე, დაახლოებით 900-700 მილიონი წლის წინ არსებობდა სუპერკონტინენტი როდინია, მანამდე კი იყო ნუნა, დაახლოებით 1,6 – 1,4 მილიარდი წლის წინ.

შორეული მომავლის სუპერკონტინენტთა მოდელირება მეცნიერთა კიდევ ერთმა ჯგუფმა მოახდინა. სუპერკონტინენტი, რომელსაც მათ „აურიკა“ უწოდეს, ეკვატორთან შეგროვებული კონტინენტების შეერთების შედეგად 250 მილიონ წელიწადში წარმოიქმნება, ჩრდილოეთ პოლუსთან კი გაჩნდება სუპერკონტინენტი „ამაზია“.

ახალ კვლევაში, ვეიმ და მისმა ჯგუფმა აურიკისა და ამასიის ხმელეთის მასები და სხვადასხვა ტოპოგრაფია აიღო — ძლიერ მთიანი; ბრტყელი და ზღვის დონესთან ახლოს; ძირითადად ბრტყელი, მაგრამ გარკვეული მთებით, შემდეგ კი ყველა ეს მახასიათებელი შეიყვანა მოდელში, სახელად ROCKE-3D.

ფილების ტექტონიკის დამატების შემდეგ, დროთა განმავლობაში დედამიწის ცვლილებებზე დაყრდნობით, მოდელმა პლანეტის შორეული მომავალი გამოთვალა. მაგალითად, 250 მილიონი წლის შემდეგ, დედამიწა ამჟამინდელზე ოდნავ ნელა იბრუნებს, რაც მოდელმაც მიიღო მხედველობაში.

„დროთა განმავლობაში დედამიწის ბრუნვის მაჩვენებელი იკლებს; თუ 250 წლით მომავალში გადაიწევს, დღის ხანგრძლივობა 30 წუთით გაიზრდება და ამიტომ, მოდელში ესეც შევიტანეთ, რათა გვენახა, ექნებოდა თუ არა მას რაიმე ეფექტი“, — ამბობს ვეი.

მისივე განცხადებით, 250 მილიონი წლის შემდეგ ოდნავ მოიმატებს მზის სიკაშკაშეც, რადგან დროთა განმავლობაში მზე თანდათან უფრო კაშკაშდება. მოდელში ეს ფაქტორიც შეიტანეს და შესაბამისად, გაიზარდა პლანეტაზე მოღწეული რადიაციის რაოდენობა.

მათ მოდელში ყველაზე მოულოდნელი შედეგი ის აღმოჩნდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაჩენილი სუპერკონტინენტი ამაზია მთიანი იქნება, გლობალური ტემპერატურა თითქმის 4 გრადუსი ცელსიუსით დაიწევს.

ამის მიზეზი ძირითადად ყინულის ძლიერი ალბედო (არეკვლის მაჩვენებელი) იყო. ჩრდილოეთის ამ სუპერკონტინენტის მაღალმთიანეთი ზამთარ-ზაფხულ თოვლითა და ყინულით იქნება დაფარული, რაც ზედაპირის ტემპერატურას რამდენიმე გრადუსით დაბლა დასწევს, ვიდრე სხვა სცენარების შემთხვევაში.

შედარებისათვის — უფრო ნაკლებად მთიანი ამაზიის შემთხვევაში, წარმოიქმნა ტბები და შიდა ზღვები. ატმოსფერული სითბო მათ ეკვატორიდან ჩრდილოეთით წაიღეს, რამაც თოვლი და ყინული სეზონურად გაადნო და მიწა მუდმივად გაყინული აღარ იყო.

დღეს დედამიწაზე ოკეანის ცირკულაციას სითბო შორეულ ჩრდილოეთ რეგიონებში გადააქვს, გრენლანდიის გარშემო და ბერინგის სრუტის გავლით. თუმცა, მას შემდეგ რაც სუპერკონტინენტი წარმოიქმნება და ეს გზები ჩაიკეტება, ვეის განცხადებით, დაბალ განედებში ვეღარ მოხვდება სამხრეთიდან წამოსული ეს ოკეანური სითბო.

დედამიწის ბოლო გამყინვარების ხანა რამდენიმე ათეულ ათას წელიწადს გაგრძელდა, მაგრამ ამაზიის წარმოქმნა გაცილებით ხანგრძლივ გამყინვარების ხანას მოიტანს.

„ამ შემთხვევაში, საუბარია დაახლოებით 100 – 150 მილიონ წელიწადზე“, — ამბობს კვლევის ავტორი, NASA-ს ფიზიკური მეცნიერი მაიკლ ვეი.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყოველივე დედამიწაზე არსებული სიცოხლისთვის? ტროპიკული დაბლობების გაქრობის შემთხვევაში, გაქრება მათში არსებული წარმოუდგენელი ბიომრავალფეროვნებაც.

თუმცა, შეიძლება გამოჩნდეს ახალი სახეობები, რომლებიც ექსტრემალურ გარემოს მოერგება, როგორც ეს მათ ადრეულ გამყინვარების ხანებშიც მოახერხეს.

„როდესაც ევოლუციას საკმარის დროს აძლევ, პოულობს გზას, რომ გარკვეული გზებით შეავსოს ყოველი ეკოლოგიური ნიშა“, — ამბობს ვეი.

მისივე განცხადებით, ასეთ სიტუაციაში, როდესაც განსაკუთრებული სიცივე პლანეტაზე 100 მილიონ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდება, ეს დრო სრულიად საკმარისია ევოლუციის მოქმედებისათვის.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები