რომელია ქართული სამზარეულოს ყველაზე პოპულარული კერძები?
ხაჭაპური:
ცომისა და ყველის კომბინაცია, რომლის 47 ნაირსახეობა არსებობს. საქართველოს ყველა კუთხე მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ფორმისა და შიგთავსის მქონე ხაჭაპურით იწონებს თავს. ყველაზე ცნობილია აჭარული ხაჭაპური, რომელსაც ნავის ფორმა აქვს და მის გულსართში ცხელ ყველთან ერთად, თოხლო კვერცხი და კარაქის ნაჭერია დამატებული. ამ ინგრედიენტების ერთობლიობა კი კერძს მეტად გემრიელსა და ნოყიერს ხდის.
ხინკალი:
ტრადიციული ქართული კერძი, რომელიც ცომის გუფთას წარმოადგენს. ტომარასავით თავმოკრულ ცომში მოთავსებულია საქონლის, ღორის ან ცხვრის ფარში, შეზავებული სანელებლებითა და შესაძლოა მწვანილითაც. ამ კულინარიული შედევრის უნიკალურობა მის ცხელ, ცხარე ბულიონში მდგომარეობს, რომლითაც სავსეა ტომრისები ცომი. ხინკალი თავისი კონცეფციით შეიძლება მივამსგავსოთ პელმენს, რავიოლის და მანტებს. თუმცა, მისი ასე მოხსენიება არასწორია და ამასთან, ქართული კულტურისადმი უპატივცემულობის გამოვლინებაც იქნება, რადგან ხინკალი ადგილობრივი სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა.
ლობიო:
მოხარშული წითელი ლობიოს კერძი, რომელიც შეზავებულია ქართული სანელებლების მიქსითა და მწვანილებით. გამოირჩევა ნოყიერებითა და არომატულობით და მას ხშირად მიირთმევენ მჭადთან, ყველთან და მჟავის ასორტთან ერთად.
საცივი:
სადღესასწაულო კერძი, რომელიც კლასიკურად ინდაურის ხორცისა და ნიგვზის სოუსის კომბინაციას წარმოადგენს. თუმცა, როგორც წესი, ინდაურს ქათმის ხორცითაც ანაცვლებენ. ქათმის თეთრი ხორცისა და სანელებლებით გაჯერებული, მსუყე ნიგვზიანი მასა ძალიან ავთენტურ და საინტერესო გემოს ქმნის. საცივს ხშირად მიირთმევენ ხაჭაპურთან, ღომთან ან ელარჯთან ერთად.