ასტრონომებმა იდუმალ კოსმოსურ რადიოსიგნალთა წყარო იპოვეს - რას ნიშნავს ეს
სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი საიდუმლოა. თუმცა, სულ ახლახან, ასტრონომებმა შეიძლება მოახერხეს იმ გასაოცარი გარემოს გარკვევა, საიდააც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კარგად შესწავლილი სწრაფი რადიოსიგნალები მოდის.
წყარო FRB 121102-დან მომდინარე სწრაფი რადიოსიგნალები სავარაუდოდ, წარმოიქმნება სადღაც ექსტრემალურ გარემოში, მასიური შავი ხვრელის გარშემო არსებულის მსგავს ზონაში.
FRB 121102 პირველად 2012 წლის ნოემბერში გამოჩნდა, მაგრამ მკვლევრებს რამდენიმე წელი დასჭირდათ, სანამ მის უჩვეულო ბუნებას გაარკვევდნენ. ყველაზე სწრაფი რადიოანთებები ხდება მხოლოდ ერთხელ, რაც შეუძლებელს ხდის მათ აღმოჩენას, მაგრამ FRB 121102 განმეორებით სიგნალებს გამოსცემდა.
ეს კი უნიკალურ შესაძლებლობას იძლეოდა. სწრაფი რადიოსიგნალები უკიდურესად მძლავრი რადიოსიგნალებია, რომლებიც იმდენივე ენერგიას გამოიმუშავებენ, რამდენსაც 500 მილიონი მზე დასჭირდებოდა, მაგრამ ამავე დროს, ისინი ძალიან ხანმოკლეა, გრძელდება მხოლოდ მილიწამების განმავლობაში.
იმის გამო, რომ მათი უმეტესობა ერთხელ ენთება და აღარასდროს მეორდება, შეუძლებელია მათი პროგნოზირება და გამოვლენა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც არაფერი ვიცით მათი გამომწვევი მიზეზის შესახებ.
თუმცა აღმოჩნდა, რომ FRB 121102 გამონაკლისი იყო. 2016 წლის მარტში, მკვლევრებმა გვამცნეს, რომ საარქივო მონაცემებში აღმოაჩინეს ათი სხვა რადიოანთება ერთსა და იმავე ადგილას. 2016 წლის დეკემბერში, დააფიქსირეს FRB 121102-დან მომდინარე 6 სხვა სიგნალი; 2017 წლის აგვისტოში, დაიჭირეს კიდევ 15 სიგნალი.
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
ამ ყველაფრის შედეგად, მკვლევრებმა ამ სიგნალთა წყაროს მიაგნეს — ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი ჩვენგან 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ჯუჯა გალაქტიკაში.
ამჯერად, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მოსაზრებები სიგნალთა შესახებ კიდევ უფრო დაავიწროვა. ამისათვის, სწავლობდნენ სიგნალების შემკრებ ტელესკოპთა მიერ შეგროვილ მონაცემებს. შედეგად, ისინი კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ ამ სიგნალთა წყარო ნეიტრონული ვარსკვლავია.
მაგრამ თუ ეს მართლაც ნეიტრონული ვარსკვლავია, ის ნამდვილად „გიჟურ“ გარემოშია — ძალიან ახლოს შავ ხვრელთან ან რომელიმე უმძლავრეს ნისლეულთან. სწორედ ამიტომ უნდა იყოს რადიოსიგნალები „აწეწილი“.
FRB 121102-ის რადიოსიგნალები თითქმის მთლიანად პოლარიზებულია. როდესაც ეს პოლარიზებული სიგნალები მაგნიტურ ველებში გადის, ტალღოვანი ხდება — რაც უფრო ძლიერია ველი, მით მეტად ტალღოვანდება სიგნალი. ამას ფარადეის ეფექტს უწოდებენ და მკვლევრებს ის სიგნალების წარმოშობის შესახებ უფრო მეტის გაგების საშუალებას აძლევს.
FRB 121102-ის შემთხვევაში, სიგნალების პოლარიზაციის ტალღურობა ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე შეუმჩნევიათ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ გავლილი აქვთ ძალიან ინტენსიურ მაგნიტურ ველში.
„ჩვენს გალაქტიკაში არსებული ერთადერთი ცნობილი წყაროები, რომელიც იმდენად კლაკნის სიგნალებს, როგორც FRB 121102-ია, მოთავსებულია გალაქტიკის ცენტრში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დინამიკურ რეგიონს მასიური შავი ხვრელის სიახლოვეს. შეიძლება, FRB 121102 მსგავს გარემოში იყოს თავის მშობლიური გალაქტიკაში“, — ამბობს ნიდერლანდების რადიოასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევარი დანიელ მიჩილი.
„თუმცა, რადიოსიგნალთ დატალღვა ასევე შეიძლება აიხსნას იმით, რომ შეიძლება წყარო მდებარეობს მძლავრ ნისლეულში ან სუპერნოვას ნარჩენებში“.
ეს შესაბამისობაში მოდის ნეიტრონული ვარსკვლავის ჰიპოთეზასთან. ნეიტრონული ვარსკვლავი მასიური ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქებისა და ბირთვის კოლაფსირების შედეგად წარმოიქმნება. (თუ ვარსკვლავი განსაკუთრებით მასიურია, ნეიტრონული ვარსკვლავის ნაცვლად, გარდაიქმნება შავ ხვრელად).
ნეიტრონული ვარსკვლავები ძალიან პატარა, მაგრამ ძალზედ მკვრივია; რადიოპულსებს ისინი ბზღრიალას მსგავსად გამოყოფენ. ნეიტრონული ვარსკვლავის ერთ-ერთ ტიპს, რომელსაც მაგნეტარს უწოდებენ, უკიდურესად მძლავრი მაგნიტური ველი აქვს და სწორედ მას შეუძლია ანთებების წარმოქმნა — ზუსტად იმის მსგავსად, როგორც მზეზე ხდება ამოვფრქვევები.
სწორედ ასეთი შემთხვევა მიიჩნევა სწრაფი რადიოსიგნალების შესაძლო წყაროდ. თუმცა, ოდესმე შემჩნეულ ყველაზე მძლავრ მსგავს ანთებებს მაგნიტუდის ოთხჯერ ნაკლები წერიგი ჰქონდათ, ვიდრე FRB 121102-ს.
მკვლევრებს სჯერათ, რომ წყარო ჩვეულებრივი ნეიტრონული ვარსკვლავია; იმედოვნებენ, რომ კიდევ უფრო მეტს გაარკვევენ.
„სიგნალთა თვისებების დროთა განმავლობაში ცვლილებაზე დაკვირვებას ვაგრძელებთ“, — ამბობს ამსტერდამის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეისონ ჰესელსი.
„იმედი გვაქვს, რომ ამ დაკვირვებათა შედეგად, გამოვარჩევთ ორი მოპაექრე ჰიპოთეზიდან ერთ-ერთს — ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელის სიახლოვესაა, ან ჩაჭედილია მძლავრ ნისლეულში“.
ამასობაში, დაფიქსირებული გვაქვს არც თუ ისე ბევრი სხვა სწრაფი რადიოსიგნალი. იმის გამო, რომ ისინი აღარ განმეორებულა და FRB 121102 ერთადერთი განმეორებადი წყაროა, დიდწილად შესაძლებელია, რომ FRB 121102 უნიკალურია თავის წყაროში და სხვა სიგნალები გამოყოფილია განსხვავებულ წყაროთა მიერ.
აღმოჩენის შესახებ მკვლევრებმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 231-ე შეხვედრაზე წარმოადგინეს, დოკუმენტი კი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით
წყარო: 1tv.ge