მეცნიერთა უნიკალური აღმოჩენა, ის მზეზე ცხელია - პლანეტებსა და ვარსკვლავებს შორის თავსდება
ჩვენგან 1400 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთი ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ობიექტი სერიოზულად უპირისპირდება ჩვენს წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ რა არის შესაძლებელი სამყაროში.
იუპიტერი ზოგიერთ ვარსკვლავზე დიდია, მაგრამ რატომ ვერ იქცა ის მზის სისტემის მეორე მზედ — #1tvმეცნიერება
ის ყავისფერი ჯუჯაა, უცნაური კატეგორიის ობიექტი, რომელიც პლანეტებსა და ვარსკვლავებს შორის თავსდება, მაგრამ თავის ძალიან ცხელ დედავარსკვლავს იმდენად ახლო მანძილიდან უვლის გარშემო, რომ მისი ტემპერატურა 7727 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს; ასეთი ტემპერატურა საკმარისია, რომ მის ატმოსფეროში მოლეკულები შემადგენელ ატომებად დაიშალოს.
ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე მზის ზედაპირის ტემპერატურა, რაც იქ 5505 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს. უფრო მეტიც, ეს ყავისფერი ჯუჯა ტემპერატურული რეკორდსმენია — ამ სახის ყველაზე ცხელი ობიექტი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ყავისფერი ჯუჯები პლანეტებზე უფრო ცხელია, მაინც უფრო ცივებია, ვიდრე ვარსკვლავებს შორის ყველაზე ცივები — წითელი ჯუჯები. მხოლოდ საკუთრი შიდა სინთეზის საფუძველზე, ყავისფერ ჯუჯათა ტემპერატურა მზესთან მიახლოებულიც კი არ არის.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც ისრაელის ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ნაამა ჰალაკუნი ხელმძღვანელობდა, ობიექტს WD0032-317B უწოდა.
ჯგუფის განცხადებით, ეს აღმოჩენა დაგვეხმარება გავიგოთ, რა ემართებათ იუპიტერის მსგავს გაზის გიგანტებს, რომლებიც უკიდურესად ცხელ, მასიურ ვარსკვლავთა გარშემო მოძრაობენ; ასეთ ვარსკვლავთა თვისებებიდან, მაგალითად, აქტივობისა და ბრუნვის მაჩვენებლიდან გამომდინარე, მათზე დაკვირვება საკმაოდ რთულია.
წარმოუდგენლად ცხელი პლანეტის ატმოსფეროში უიშვიათესი ელემენტები დააფიქსირეს
დედავარსკვლავებთან ახლოს მოძრავი ვარსკვლავები დიდი ოდენობით ულტრაიისფერ რადიაციას იღებენ. ამან შეიძლება მათი ატმოსფეროს აორთქლება გამოიწვიოს, რა დროსაც მასში არსებული მოლეკულები იშლება; ამ პროცესს თერმული დაშლა ეწოდება.
თუმც, ამ ექსტრემალურ გარემოთა შესახებ ბევრი რამ მაინც არ ვიცით. ძლიერ კაშკაშა ვარსკვლავთან ასე ახლოს, ძნელია, ორბიტაზე მოძრავი ეგზოპლანეტა ვარსკვლავის აქტივობისგან გამოარჩიო.
ამ დროისათვის ცნობილია ერთი იმდენად ცხელი ეგზოპლანეტა, რომელზეც თერმული დაშლა ხდება. ეს გახლავთ KELT-9b, რომელიც ცისფერი სუპერგიგანტი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს და მის დღის მხარეს ტემპერატურა 4327 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს.
ეს მაჩვენებელი აჭარბებს წითელი ჯუჯების უმეტესობისას — გალაქტიკის ყველაზე მრავალრიცხოვანი ტიპის ვარსკვლავებისას, რომელთა ზედაპირზეც ტემპერატურა დაახლოებით 3728 გრადუსი ცელსიუსია.
როგორ გამოჩნდებოდა ყავისფერი ჯუჯა ახლომდებარე პლანეტიდან. მხატვრული წარმოსახვა
ასეთი ექსტრემალური გარემოების შესწავლის ერთი გზა შეიძლება იყოს ყავისფერი ჯუჯები ორმაგ (ბინარულ) სისტემებში, რომლებშიც თეთრი ჯუჯა ვარსკვლავიც შედის. თეთრი ჯუჯები გაცილებით პატარებია, ვიდრე ცისფერი სუპერგიგანტი KELT-9, რომელიც მათ ჩრდილავს და ადვილად შეიძლება წაიშალოს ნებისმიერი სუპერგაცხელებული კომპანიონი ობიექტის სიგნალი.
აღმოჩენილია გიგანტური პლანეტა, რომლის ცაში ორი მზე ანათებს და ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს — #1tvმეცნიერება
ყავისფერი ჯუჯა არც პლანეტაა და არც ვარსკვლავი. აქვთ დაახლოებით 13 იუპიტერის მასა და ამ პლანეტის მსგავს ობიექტებს საკმარისი წნევა და სითბო აქვთ, რათა ბირთვში დეიტერიუმის სინთეზი აწარმოონ.
დეიტერიუმი წყალბადის „მძიმე“ იზოტოპია; მისი სინთეზისთვის გაცილებით ნაკლები ტემპერატურა და წნევაა საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივი წყალბადისთვის, რომლის სინთეზიც მიმდინარეობს ვარსკვლავთა ბირთვში.
ყავისფერი ჯუჯების ზომა მაქსიმუმ 80-ჯერ შეიძლება აჭარბებდეს იუპიტერისას, ტემპერატურა კი დაახლოებით 2227 გრადუსამდე ავიდეს. ისინი წითელ ჯუჯებზე უფრო ცივი და მკრთალია, მაგრამ კაშკაშებენ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში.
მეორე მხრივ, თეთრი ჯუჯები მზის მსგავს ვარსკვლავთა სასიცოცხლო ციკლის ბოლო სტადიაში მყოფი ობიექტებია. როდესაც ვარსკვლავი ბირთვში წყალბადს ამოწურავს, გარე ფენებს იშორებს და ბირთვი, რომელსაც უკვე აღარ აქვს სინთეზის შედეგად გარეთ მიმართული წნევა, ულტრამკვრივ, დაახლოებით დედამიწის ზომის ობიექტად კოლაფსირდება.
თეთრი ჯუჯები ნარჩენი სინათლით ანათებენ, მაგრამ ვარსკვლავის სიკვდილის პროცესი ფრიად ენერგიული რამ არის — ამ დროს ტემპერატურა უკიდურესად მაღალია, დაახლოებით ცისფერი სუპერგიგანტი ვარსკვლავის მსგავსი.
არშემდგარი ვარსკვლავის ატმოსფეროში ქვიშის ღრუბლები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ასე მივდივართ ძლიერ ცხელ, დაბალმასიან თეთრ ჯუჯა ვარსკვლავთან, სახელად WD0032-317. მას მზის მასის დაახლოებით 40 პროცენტი აქვს და იწვის დაახლოებით 36 727 გრადუს ტემპერატურაზე.
2000-იანი წლების დასაწყისში, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ინსტრუმენტ UVES-ის მონაცემები მიუთითებდა, რომ WD0032-317 ადგილზე მოძრაობდა, რასაც მის გარშემო მოძრავი რაღაც უხილავი კომპანიონი ობიექტის გრავიტაცია განაპირობებდა. ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონში ჩატარებულმა შემდგომმა დაკვირვებებმა ივარაუდა, რომ ეს კომპანიონი ყავისფერი ჯუჯა იყო.
ვარსკვლავზე ახალი დაკვირვებებისთვის, ჰალაკუმ და მისმა კოლეგებმა UVES გამოიყენეს და დაადგინეს, რომ კომპანიონი არის ყავისფერი ჯუჯა, რომლის მასაც 75-88 იუპიტერის მასებს შორის მერყეობს და თეთრ ჯუჯას გარს უვლის სულ რაღაც 2,3 საათში ერთხელ.
აორთქლებადი გაზის გიგანტი პლანეტა WASP-107b-ის მხატვრული წარმოსახვა
აღმოჩენა მართლაც გასაოცარია. როდესაც ყავისფერი ჯუჯის დღის მხარე ჩვენკენ არის მოქცეული, ასტრონომებს შეუძლიათ ვარსკვლავის მიერ აორთქლების შედეგად მის მიერ გამოყოფილი წყალბადის დაფიქსირება.
აღმოჩენილია ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გიგანტური პლანეტა
ვინაიდან ყავისფერი ჯუჯა და ვარსკვლავი ერთმანეთთან ასე ახლოს არის, ყავისფერი ჯუჯა მოქცევით არის ჩაკეტილი. ანუ, მისი ერთი მხარე — დღის მხარე — მუდამ ვარსკვლავისკენ არის მოქცეული, მეორე კი პირიქით და იქ მუდმივი ღამეა. ჯგუფმა გამოთვალა მისი ექსტრემალური ტემპერატურაც.
„გამოყენებული თეთრი ჯუჯა ბირთვის მოდელის მიხედვით, კომპანიონის დღის მხარეს ტემპერატურა 6,977 – 9,527 გრადუს ცელსიუსს შორის მერყეობს, ანუ ისეთია, როგორიც A-ტიპის ვარსკვლავის; ღამის მხარეს კი ტემპერატურა 1,027 – 2,727 გრადუსია“, — წერენ მკვლევრები.
ასე ცხელი ჩვენთვის ცნობილი არცერთი სხვა ყავისფერი ჯუჯა არ არის და შედეგად, WD0032-317B არა მხოლოდ უკიდურესად საოცარია, არამედ ბრწყინვალე კანდიდატიც იმის შესასწავლად, როგორ აორთქლებენ უკიდურესად ცხელი ვარსკვლავები თავიანთ დაბალმასიან კომპანიონებს.
კვლევა გამოსაქვეყნებლად მიიღო ჟურნალმა Nature Astronomy-მ, ამჟამად კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო: 1tv.ge მეცნიერება