ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი იმ ოჯახიდან გამოვიდა და მოკლეს“ - ქარელში, სასტიკად მოკლული ნიკა ღვინიაშვილის დედა დუმილს არღვევს: რას იხსენებს ოჯახი
განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის დედა, საზარელი დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ დუმილს არღვევს და ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილმა დანაშაული დამალა.
როგორც შორენა ჯოხთაბერიძე “მთავარ არხთან“ აცხადებს, მან დღემდე არ იცის, რა იყო მკვლელობის მოტივი.
მისი თქმით, შვილს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა.
“გვაინტერესებს, რა მოხდა რომ ჩემი შვილი ასე გაიმეტეს. ბიჭებთან მივდივარ - კობასთანო. ვინ კობასთან მეთქი, შევეკითხე... “თიბილას“ სტუმრები ჰყავსო და იქ მივდივარ. არ ინერვიულო დედა, არ ვსვამ ხომ იციო. წამოსვლის მერე დაგირეკავო.
ჩვენი საუბრის მერე, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი იმ ოჯახიდან გამოვიდა და მოკლეს. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი“, - იხსენებს შორენა ჯოხთაბერიძე და აცხადებს, რომ პასუხისგებაში მიცემული ძმები ბედოშვილების გარდა, საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთის 17 წლის შვილი.
ერთ-ერთი ძმის თქმით, მას განზრახ მკვლელობა მიზნად არ ჰქონია დასახული. ბრალდებულმა დღის ქრონოლოგია გაიხსენა და როგორც აღნიშნა, 28 წლის ბიჭი მას აედევნა. ამას მოჰყვა დაპირისპირება და მკვლელობა. მისი თქმით, მხარეებს ადრეც ჰქონიათ კონფლიქტი. აღნიშნული ინფორმაცია დაკავებულმა გამომძიებლებს თავიდან არ მიაწოდა.
“ქირქილით გამომიყვანა მდგომარეობიდან. ვუხსნიდი- მთვრალი ვარ, შემეშვი მეთქი. ერთი ჭიქა ავიღე ოჯახში, ვთქვი, ავდექი და წამოვედი. წამოვედი და უკან მომყვებოდა. აშკარად ვუყურებ და მანძილს ამცირებს. 150 მეტრი გავიარე... დაგეგმილი არ მქონდა, თავისდაუნებურად გავიხსენე შარშანდელი ამბებიც,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოს დარბაზში.