რამდენ თაობაზე გადადის ნათესაობა სამედიცინო თვალსაზრისით და რა ხდება, როდესაც ნათესავები ქორწინდებიან – გენეტიკოსის განმარტება

05-10-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გენეტიკოსი, თსსუ-ს პროფესორი თინათინ ტყემალაძე გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს, სამედიცინო თვალსაზრისით, რამდენ თაობაზე გადადის ნათესაობა, რა ითვლება ახლო ნათესაურ კავშირად და რა რისკი არსებობს, როცა მსგავსი კავშირის მქონე ადამიანები ქორწინდებიან:

– სამედიცინო ტერმინოლოგიით, ახლო ნათესაურ კავშირად პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე რიგის ნათესავები მოიხსენიება. ორი ადამიანი რაც უფრო ახლოსაა ერთმანეთთან დაკავშირებული, მათ უფრო მეტი საზიარო გენები და ალელები აქვთ. სამეცნიერო თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ მეხუთე თაობის ნათესავი ნათესავად აღარ ითვლება, იმიტომ, რომ მათ უკვე საკმაოდ განსხვავებული გენები აქვთ. თუმცა, მართლმადიდებლური ეკლესიის მიხედვით, შვიდი თაობის წარმომადგენლები ნათესავებად განიხილებიან. ადამიანი თავის გენეტიკურ ინფორმაციას მშობლებისგან იღებს. 50% დედისგანაა, 50% – მამისგან. და-ძმები პირველი რიგის ნათესავებად მიიჩნევიან, რადგანაც მათ საზიარო გენეტიკური ინფორმაცია აქვთ. მეორე თაობის ნათესავად კი – ბიძაშვილები, ბებია-ბაბუები, შვილიშვილები. მათ საზიარო ალელების 1/4 აქვთ, მესამე რიგის ბიძაშვილებს – 1/8. რაც უფრო ახლოა ნათესაური კავშირი, მით უფრო მეტია მსგავსი, საერთო გენეტიკური ინფორმაცია.

თუ სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, განსაკუთრებით არაბეთის ქვეყნებში, პაკისტანში, ახლო აღმოსავლეთში, იქ, პირიქით, ოჯახური კავშირები, ბიძაშვილთა შორის ქორწინება წახალისებულიც კია. ამას თავისი კულტურული, რელიგიური, ყოფითი გამართლება აქვს. თუმცა, სამედიცინო თვალსაზრისით საყურადღებოა. გენეტიკური დაავადებები შეგვიძლია ორ ძირითად ჯგუფად დავყოთ. ესენია: დომინანტური და რეცესიული. რეცესიული დაავადებების ისეთი ჯგუფია, სადაც წყვილიდან 1 გენი თუ დაზიანებულია, მაშინ დაავადება არ ვლინდება. ხოლო, თუ ორივეა დაზიანებული, მხოლოდ ამ დროს ვლინდება. კვლევებით დადგინდა, რომ ნებისმიერი ადამიანი დაახლოებით 5-10 მსგავსი დაზიანებული რეცესიული გენის მატარებელია. საშუალოდ, ადამიანს 20 ათასი ცილა-მაკოდირებელი გენი გააჩნია და ამავდროულად, დაახლოებით, 5-დან 10-მდე დაზიანებული რეცესიული გენის მატარებლები ვართ. საკითხს თუ ახლო ნათესაური კავშირის ჭრილში გადავხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, იყო წინაპარი, დიდი ბაბუა, რომელიც 1 დაზიანებული გენის მატარებელი იყო. მას ჰყავდა შვილები – გადაცემის ალბათობა 50-50%-ია. გარკვეული ალბათობით, მან თავის შვილებს ზოგს გადასცა დაზიანებული, ზოგს დაუზიანებელი. შემდგომში მათ კვლავ გააჩინეს შვილები და თუ აღმოჩნდა, რომ ბიძაშვილები დაქორწინდნენ და ისინი ერთი და იგივე დაზიანებული გენის მატარებლები არიან, მათი დაწყვილების შედეგად არის რისკი, რომ ამ კონკრეტული დაზიანებული გენით გამოწვეული დაავადების მქონე შვილი ჰყავდეთ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები