"26 წელია, საქართველოში არ ვცხოვრობ... დიდი კარიერული ზრდა შემეძლო, მაგრამ ვთქვი, რომ ახალგაზრდობა შვილებს უნდა ვაჩუქო-მეთქი" - ილიას დედის რთული გზა ომიდან შვილის ისტორიულ წარმატებამდე
"ამ წიგნზე ხუთი თვე ვმუშაობდი. წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით - სოხუმი-ჭუბერი-რუსთავი-ჰალე-რუსთავი-ალიკანტე-კალიფორნია...
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არდანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას," - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.
ინგა ბენდელიანი-თოფურია:
- ახლა 53 წლის ვარ, მაგრამ 21 წლის ვიყავი, აფხაზეთიდან რომ წამოვედი. მაშინ მართლა არ ვიცოდი, რომ ადამიანში უდიდესი რესურსი არსებობდა, რომლის შესახებაც თვითონაც არაფერი იცის. ასე რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად ხალხი იმ უდიდეს ტკივილს ვერ გაუძლებდა... დედაჩემს 19 წლის ბიჭი აფხაზეთის ომში დაეღუპა, მე ორსული და დაქვრივებული დავრჩი... მისთვის ეს უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ მთელი ძალა მოიკრიბა და წინ გაგვიძღვა. როცა დედას ვუყურებდი, ისეთ სიმტკიცეს ავლენდა, მრცხვენოდა, რომ მეტირა. ასე ერთმანეთის პატივისცემით, ანგარიშის გაწევით დედაჩემშიც ის საოცარი ძალა მოვიდა, თორემ შვილის გარდაცვალება, ეს ხომ საშინელებაა?! მინახავს სიმწრისგან იატაკზე გაწოლილი დედა, ადგომაც რომ არ უნდოდა და არც ის, ვინმეს იმ მდგომარეობაში ენახა, მაგრამ დგებოდა, ძალას მოიკრებდა და დედობას აგრძელებდა...
საქართველოში შაოსანი დედები უდიდეს ტკივილს უძლებენ, განსაკუთრებით ომში დაღუპული შვილების. ეს კიდევ სხვა მასშტაბის ტკივილია, მით უფრო, რომ ამის შემდეგ ქვეყანას დღემდე დაკარგული აქვს ტერიტორიები და მაინც ოკუპირებულია... ასეთ დედებს, ოჯახებს სამმაგად მეტად სტკივათ. ამასთან, ჩემი ძმის საფლავიც დაკარგულია... დედა ახლა 70 წლისაა, მაგრამ 8 თვეა, რაც დემენცია დაემართა, 6-ჯერ ნაინსულტარია და ხვალაც რომ დაბრუნდეს სოხუმი, ალბათ ამის აღქმას ვეღარც შეძლებს. მასში ჩუმმა და დაფარულმა ტკივილმა ეს შედეგი მოიტანა... 31 წლის წინ, წარმოიდგინეთ როგორი ახალგაზრდა იყო... ჩემი ძმა სამხედრო ოპერაციის შესრულებისას ჩემს მეუღლესთან ერთად დაიღუპა. მეუღლე 24 წლის გახლდათ... ისინი ერთად დაკრძალეს... როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ნერვიულობისგან სპაზმები მეწყება, რაც აფხაზეთმა დამიტოვა... 5 თვის განმავლობაში გიორგი კეკელიძესთან წიგნზე მუშაობისას, ეს ყველაფერი სულ გამიახლდა. იმ ეპიზოდების, დეტალების გახსენება ჩემთვის საოცრად მტკივნეული აღმოჩნდა. იმას, რასაც საკუთარ თავში ვბლოკავ და ვცდილობ, სიღრმეებში არ ჩავიდე, წიგნზე მუშაობისას მომიწია.