2 ბიჭის და 1 გოგოს მამა ვარ და ვინმემ რომ მითხრას, რომ მათ შორის... - ნიკა გვარამია

05-10-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

პარტია "ახალის" ლიდერი, ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის თაობაზე  პარლამენტის ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"ქალების კვოტის გაუქმების თაობაზე:

დავიწყებ იმით, რომ "ახალს" არ ჭირდება 25% იანი რეგულაცია - ჩვენთან სრულიად ბუნებრივად გაცილებით მეტი ქალია ჩართული (რეალურად ჩართული) გადაწყვეტილებების მიღებაში.

ვერასდროს ვერ გავიგებ, რომ ქალებს და კაცებს ერთი და იგივე შრომისთვის განსხვავებული ხელფასი აქვთ, ან სამსახურში აყვანაში გენდერული კუთვნილება რაიმეს წყვეტს. ვერ გავიგებ, იმიტომ რომ 20 წელია ხალხი სამსახურში ამყავს და არასდროს ერთი მილიმეტრითაც კი ამ ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია კი არა, საერთოდ როგორც ფაქტორი არ ფიგურირებდა.

2 ბიჭის და 1 გოგოს მამა ვარ და ვინმემ რომ მითხრას, რომ მათ შორის რაიმე უფლებრივი განსხვავებაა, ვერც გავბრაზდები, უბრალოდ, ვერ გავიგებ .

პოიტიური დისკრიმინაცია ზოგადად არ მომწონს და არ ვემხრობი, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს ერთადერთი გზააა უთანასწორობის აღმოსაფხვრელად (მაგალითად, შევადარებდი 70 იანი-80იანი წლების ამერიკას, როცა ეს მართლა საჭირო იყო, და დღევანდელს, როცა ეს მავნებლობა მგონია)

მთავარი: მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ვერ ვიაზრებ, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში გენდერული ჩაგვრა არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი მამაკაცების კი არა, ქალების უმრავლესობის (!) პერსპექტივიდან უნდა წყდებოდეს. მე არ ვარ ამ საკითხის მცოდნე და ვერც ვიქნები. და ეს საკითხი ფოკუს ჯგუფის (ქალების) სუბიექტურ აღქმებს ემყარება და არა რაიმე ზოგად კანონზომიერებებს თუ უფლებრივ ფორმულებს და პოლიტიკურ მიზანშეწონილობებს და ბოლოს: ქართულ ოცნებას ქალების კვოტირება რატომ გაახსენდა საერთოდ და დაჩქარებულად რატომ განიხილა? სასაცილო ამბავია, ნამდვილად. იმაზე სასაცილო, ვიდრე გირჩი რომ გვარწმუნებს, რომ მისი ინიციატივა (ჰოი საოცრებავ!) კანონად იქცა" - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, გირჩის“ ინიციატივას საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების თაობაზე, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები