"შენზე "ვეცემიო", მითხრა. წყნეთის გარშემო 30 "კრუგი" ამისთვის დამარტყმევინე-მეთქი?" - რას ჰყვებოდა ქეთა თოფურია
ქეთა თოფურია პირველ პაემანზე ჰყვება:
"12 წლის რომ ვიყავი, მთელი ჩემი სამეგობრო და სანათესავოს ბავშვები წყნეთში ვისვენებდით. მაგარ დროს ვატარებდით. მაშინ პირველად მომეწონა ბიჭი და პირველ პაემანზეც მასთან წავედი. ხელიხელჩაკიდებულებმა წყნეთს 30 "კრუგი" მაინც დავარტყით. ჩვენ შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი გაიმართა: ქეთა-ა... - რა-ა? - რა ლამაზი ცააა! ქეთა-ა... - ბატონო. - რა ლამაზი ხეა! - ასე გრძელდებოდა დაუსრულებლივ. ბოლოს მითხრა, - შენზე "ვეცემიო". - უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე, რომ გეთქვა? ამისთვის დამარტყმევინე წყნეთის გარშემო 30 "კრუგი"-მეთქი? - მერე კი გამოვუტყდი, რომ მეც მომწონდა. ეს ისეთი ხუმრობის ფორმით ვუთხარი, რომ ერთი კვირა არ იჯერებდა... თბილისში რომ ჩამოვედი, იმ ბიჭს დავშორდი. წყნეთში, გვინდოდა თუ არა, ერთმანეთს ვხვდებოდით, თბილისში კი პაემნებზე სპეციალურად უნდა მევლო. მივხვდი, ამისთვის ძალიან პატარა ვიყავი და დავშორდი. იმის მერე წლები გავიდა და ის ბიჭი ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა.