„ის ბიჭი, მეხმა რომ ჩამოაცილა, კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც“ – მწვერვალ შხელდაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილია

12-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გავრცელებული ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილია.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, ბადრიაშვილის დაღუპვის შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.

არსებული ცნობით, შემთხვევა 10 აგვისტოს მოხდა – მწვერ­ვა­ლი­დან დაშ­ვე­ბის პრო­ცეს­ში ამინდი მოულოდნელად გაუარესდა და ალპინისტთან ახლოს მეხი და­ე­ცა, რამაც არ­ჩი­ლ ბადრიაშვილი კლდი­დან გა­და­აგ­დო.

მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროც:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ 11 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ შემთხვევას მწერალი გიორგი კეკელიძეც გამოეხმაურა:

„ეს დილაა და ცრემლი მახრჩობს. ის ბიჭი, შხელდადან მეხმა რომ ჩამოაცილა, მეხმა რომ ჩამოგვიყვანა – კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც.

მე სულ ვფიქრობ, რომ მთამსვლელები რაღაცით სჯობიან დანარჩენ ადამიანებს და მით უფრო სჯობიან ამ ფარატინა დროში, სტერილური ხალხის დროში, ფურცლის და დეკლარაციის. სულ ვფიქრობ, რომ მთების დაპყრობით, თითქოს იმას გაურბიან, რასაც ქვემოთ ტოვებენ.

თიკანაძეს რომ პალო მოუწყდა, მაშინ მურმან ლებანიძემ დაწერა ლექსი და ეს ლექსი იშვითია იმ დროში, გალაკტიონს რომ გაექცა და ცალკე დგას:

,,გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

საკუთარ ხელით პალო დაუგია,

საკუთარ პალოზე მომწყდარა…

ცოცხლისგან საყვედური აუგია –

თოკი ერთადერთი ჩაუბია –

თავი სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..”

ჰოდა, აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება. სხვანაირად არ გამოვა. ცას მისი ვალი აქვს“, – წერს გიორგი კეკელიძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები