"სხვა შემთხვევას ვერ ვიხსენებ, მე და მამას ერთად გვეტიროს", - სანდრო ელოშვილი

07-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

2008 წელს რუსეთმა საქართველოში ომი რომ დაიწყო, პეკინში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობდა.

13 აგვისტოს ირაკლი ცირეკიძემ რუსი ჯუდოკა დაამარცხა და ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ეს ფაქტი გაიხსენა სანდრო ელოშვილმაც სოციალურ ქსელში:

„2008 წლის აგვისტო იყო, რუსებს უკვე გორი ჰქონდათ აღებული და თბილისისკენ იწევდნენ, ცხვარიჭამიიდან დამირეკეს და მითხრეს: სამაჩაბლოდან დევნილების პირველი ნაკადი ჩამოიყვანეს და ყოფილ პიონერთა ბანაკებში შეასახლეს, იქნებ რამეთი მიეშველოთ ამ ხალხს, ტანსაცმელიც არ აქვსო…

მაშინ Facebook არ იყო ასეთი ყოვლისმომცველი, მაგრამ რაღაცნაირად შევძელით ამბის გავრცელება და ვერაზე, ჩემს ეზოში ძალიან დიდი რაოდენობით ტანსაცმელი, საკვები, სათამაშოები და ჰიგიენის საშუალებები მოვაგროვეთ… წასვლის მსურველი ბევრი არ ყოფილა, რადგანაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თბილისის გარდა ჩვენი აღარც არაფერი იყო.

მეორე მანქანა არმახსოვს, ერთში კი მე და გიორგი საძაგლიშვილი ვიყავით…

ჩავიტანეთ, უკან დაბრუნების დროს რაღაც გზები უკვე ჩაკეტილი იყო, ამიტომაც უცნაური გზებით მოგვიწია სიარული და თბილისს ზუსტად იმ მხრიდან მოვადექით, საიდანაც მტერი უნდა წამოსულიყო…

კი მიყვარს ხოლმე გაბუქება, მაგრამ გიორგი არ მომატყუებინებს, ერთად ვნახეთ, როგორ ნაღმავდნენ მცხეთის ხიდებს ქართველი ჯარისკაცები და მსუბუქად დაჭრილი, ბინტ გადახვეული ბიჭები როგორ ამაგრებდნენ თბილისის შემოსასვლელს.

ქაოსურად მოძრაობდნენ მანქანები და გვეძახდნენ, წადით მალე, რუსი მოდის თბილისზეო…

სახლში მივედი, გაგვაფრთხილეს პროდუქტები მოიმარაგეთო, მე და მამაჩემი ჩავედით მაღაზიაში, ზუსტად მახსოვს, ერთი ყუთი არაყი და ორი ბლოკი სიგარეტი ვიყიდეთ…

რა თქმა უნდა, ტელევიზორი არ გამორთულა ის დღეები და სულ საინფორმაციო იყო ჩართული…

დედაჩემის დიპლომატიური პასპორტით შეგვიძლია ქვეყნის დატოვება, შიგნით გარკვევით წერია, ნებისმიერი მეგობრული ქვეყანა ვალდებულია მიგვიღოს და მოგვცეს თავშესაფარი… მამაჩემია უარზე! ამ იდეის გაჟღერების გამო გვლანძღავს და გვეჩხუბება…

ამ დროს ტელევიზორში კიდევ რაღაც მორიგი სისულელე გამოაცხადეს, მორიგი ჭორი, პესიმისტური, განწირული დებილობა… არადა, ომი, ფაქტობრივად, დამთავრებულია, სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებს სარკოზი, მაგრამ ღორები მაინც გვბომბავენ…

პირველად გადავრთეთ საინფორმაციოდან, რაღაცნაირი გადართვა იყო ეს… უიმედობის და დამარცხების შეგრძნება ახლდა!

მეორე არხზე ოლიმპიადას აჩვენებდნენ…

ქართველი და რუსი ჭიდაობდნენ!

იმ დროს გადავრთეთ, თუ სწორად მახსოვს ასე თქვეს, პუტინის საყვარელი ჯუდოისტიაო… ვინმე პერშინი!

ჩუმად დავიწყეთ ყურება, უემოციოდ…

და უცებ, ამ გიჟმა ბიჭმა, ასე დააწეპა ეს ღორის შვილი ტატამზე, შებოჭა და აღარც გაუშვა…

ნახევარფინალი იყო… მოიგო ამ ოქროს კაცმა ის ფინალიც, მაგრამ ეს ნახევარფინალი მაშინ ჩვენთვის ფინალიც იყო და სამამულო ომიც!

სხვა შემთხვევას ვერ ვიხსენებ მე და მამას ერთად გვეტიროს… კომენტატორის ფრაზა რომ გავიგონეთ, ცრემლები ვეღარსად დავმალეთ…

– რუსი გაკრულია ბეჭებზე! – ღრიალებდა წამყვანი… ან არ ღრიალებდა და მე ჩამესმა ასე…

რა უნდა მომხდარიყო 13 აგვისტოს ამაზე მეტი?! იმ ცრემლიან და ტკივილიან დღეს…

თუკი ვინმე იცნობს ირაკლი ცირეკიძეს!

უთხარით ჩემს მაგივრად მადლობა და ისიც დაამატეთ, რომ ამ კადრების შემდეგ დედაჩემმა, სხვა საბუთებთან ერთად ის ლურჯი პასპორტიც უკან დააბრუნა სამინისტროში და აღარასდროს გაგვიფიქრებია საქართველოს დატოვებაზე!“ – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები