კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწა შეიძლება სრულ ქაოსში შევიდეს — საგანგაშო ამბავი
დედამიწის სისტემაზე ადამიანთა აქტივობის ზემოქმედებამ შეიძლება არაპროგნოზირებად ქაოსამდე მიგვიყვანოს, საიდან გამოსვლაც შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ ფიზიკოსთა ახალი გამოთვლები მიუთითებს.
არსებობს უსაფრთხო პლანეტის რვა საზღვარი — დედამიწამ უკვე შვიდი გადაკვეთა #1tvმეცნიერება
მსგავსი: არსებობს უსაფრთხო პლანეტის რვა საზღვარი — დედამიწამ უკვე შვიდი გადაკვეთა #1tvმეცნიერება
ზეგამტარობის მოდელირებისთვის შექმნილი თეორიის გამოყენებით, პორტუს უნივერსიტეტის ფიზიკოსთა ჯგუფმა აჩვენა, რომ გარკვეული წერტილის შემდეგ, დედამიწის კლიმატის წონასწორობის აღდგენას ვეღარ შევძლებთ.
ადამიანის აქტივობის გარკვეულმა რაოდენობამ, დედამიწა შეიძლება ერთ დიდ სათბურად აქციოს, საიდან გამოსვლაც შეუძლებელი იქნება.
„კლიმატის ცვლილების შედეგები კარგად არის ცნობილი (გვალვები, სითბური ტალღები, ექსტრემალური ფენომენები და ა. შ.). თუკი დედამიწის სისტემა ქაოსური ქცევის რეგიონში შევა, პრობლემის როგორღაც გამოსწორების ყველანაირი იმედი გაქრება“, — ამბობს ფიზიკოსი ორფეუ ბერტოლამი.
უკვე რამდენიმე წელია, ამინდის ექსტრემალური მოვლენები უფრო რეგულარულად ხდება. გიზგიზებს ტყის ხანძრები, მძვინვარებს შტორმები, ტემპერატურა ახალ რეკორდებს იპყრობს. კლიმატური მეცნიერები დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ ეს ადამიანის საქმიანობის შედეგია, მაგალითად, წიაღისეული საწვავის წვის, ტყის ჩეხვისა და სოფლის მეურნეობის ზრდის.
მოქმედებისთვის დრო ჯერ კიდევ არის — გაერო-ს მთავარი კლიმატური მოხსენების საკვანძო გზავნილი #1tvმეცნიერება
მსგავსი: მოქმედებისთვის დრო ჯერ კიდევ არის — გაერო-ს მთავარი კლიმატური მოხსენების საკვანძო გზავნილი #1tvმეცნიერება
ამის გამო, გაჩნდა მოსაზრება, რომ დაიწყო ახალი გეოლოგიური ეპოქა: ანთროპოცენი — ხანა, რომელშიც ადამიანის საქმიანობამ მნიშვნელოვანი და გამოხატული გავლენა იქონია დედამიწის მთელ სისტემაზე, რომელიც შედგება გეოსფეროს, ბიოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროსგან.
ანთროპოცენი ჰოლოცენს უნდა მიჰყოლოდა, რომელიც დაახლოებით 11 700 წლის წინ დაიწყო; მეცნიერთა ვარაუდით, ანთროპოცენი დაახლოებით მე-20 საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო, ბირთვული ეპოქის პიკში. მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექს ბერნარდინიმ და მისმა კოლეგებმა ჰოლოცენიდან ანთროპოცენზე გადასვლის მოდელირება ფაზური გადასვლის სახით გადაწყვიტეს და ამის შესაბამისად გამოთვალეს მისი მომავალი ტრაექტორია.
ფაზის გადასვლები ძალიან ხშირია. ეს ტერმინი აღნიშნავს, როგორ იცვლება მასალა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მყარი სითხედ დნება, სითხე კი აირად გარდაიქმნება. ლითონი ნორმალური მდგომარეობიდან ზეგამტარ მდგომარეობაში გადადის. თითოეულ მათგანს აქვს გარდამტეხი წერტილი, რომელზეც წონასწორობის მდგომარეობა ღრმა გადასვლას განიცდის სხვა მდგომარეობაში.
2100 წლისთვის, პლანეტის ნახევარი ახალ კლიმატურ ზონებში შევა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მსგავსი: 2100 წლისთვის, პლანეტის ნახევარი ახალ კლიმატურ ზონებში შევა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
დედამიწის სისტემა მატერია არ არის, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ ფაზური გადასვლის მოდელი შეიძლება გარკვეული წარმატებით გამოვიყენოთ კლიმატის ცვლილებების პროგნოზირებისთვის. ბერნარდინიმ და მისმა კოლეგებმა გინზბურგ-ლანდაუს თეორია გამოიყენეს, რომელიც ზეგამტარობის მოდელირებისთვის არის შექმნილი და ის ანთროპოცენს მოარგეს ტემპერატურის მიხედვით, ჰოლოცენის წონასწორობის წერტილიდან დაწყებული.
ახლა ადამიანის გავლენა შეზღუდულია. დედამიწას აქვს საცხოვრებელი სივრცის შეზღუდული რაოდენობა, რესურსების შეზღუდული რაოდენობა და შეზღუდულია ჩვენ მიერ მათი გამოყენების მაჩვენებელიც. ამ მაქსიმალური ტევადობის გათვალისწინებით, მკვლევრებმა გადაწყვიტეს, ანთროპოცენის ფაზური გადასვლის შესაძლო შედეგები ლოგისტიკური რუკის გამოყენებით აღეწერათ; ეს გახლავთ ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება შევისწავლოთ, რამდენად კომპლექსური შედეგები და თუნდაც ქაოსი შეიძლება განვითარდეს ამ მარტივი წერტილიდან.
როგორც მათმა შედეგებმა აჩვენა, სულაც არ მივემართებით გარკვეული კლიმატური აპოკალიფსისკენ. შეიძლება მივუყვებოდეთ საკმაოდ რეგულარულ და პროგნოზირებად ტრაექტორიას, რომლის სასრული წერტილიც არის კლიმატის სტაბილიზაცია იმაზე მაღალ საშუალო ტემპერატურულ წერტილზე, რომელიც დღეს გვაქვს. ეს კი მაინც არაა კარგი, თუ გავითვალისწინებთ იმ სასიკვდილო ეფექტებს, რასაც უკვე ვხედავთ ადამიანებსა და სხვა ცხოველებზე.
გრენლანდიის ყინულის საფარი უახლოვდება დნობის წერტილს, რომლის შემდეგაც, უკან ვეღარ დაბრუნდება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მსგავსი: გრენლანდიის ყინულის საფარი უახლოვდება დნობის წერტილს, რომლის შემდეგაც, უკან ვეღარ დაბრუნდება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
თუმცა, უფრო ექსტრემალურ დასასრულში, დედამიწას გაჩანაგება ემუქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის სისტემა ქაოსურ ქცევაში გადადის — ექსტრემალური სეზონური რყევები და ამინდები — რაც გამორიცხავს სისტემის მომავალი ქცევის პროგნოზირებას და შეუძლებელს ხდის მის შერბილებას. ანუ, სტაბილური კლიმატის დაბრუნება უკიდურესად რთული იქნება, თუ საერთოდ შეუძლებელი არა.
„ადამიანის საქმიანობის მრავალ კომპონენტად დაყოფით, შევისწავლეთ შემთხვევა, რომლიდანაც მხოლოდ ორი კომპონენტი მიუყვება ლოგისტიკურ რუკებს და ერთმანეთთან ურთიერთქმედებს“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, ამ მარტივ შემთხვევაშიც კი, დედამიწის სისტემის წონასწორობის წერტილებში ქაოსური ქცევა გამოჩნდა.
ასეთი შედეგი გარდაუვალი არ არის, რაც ნამდვილად გარკვეული შვებაა. თუმცა, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, საჭიროა, ეს რეალური შესაძლებლობა მხედველობაში მივიღოთ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და დედამიწის სისტემების მართვის სტრატეგიების შესამუშავებლად.
კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია Live Science-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო: 1tv.ge/მეცნიერება