სამყარო შეიძლება ერთი დიდი სიმულაცია იყოს - მეცნიერთა დაუჯერებელი კვლევის შედეგი
ყავის სუნი. ხის ტოტებს შორის ჩამოკიდებული მზის სხივები. ქარის ყმუილი ღამის წყვდიადში.
2003 წელს გამოქვეყნებული ფილოსოფიური არგუმენტის მიხედვით, ეს ყველაფერი შეიძლება ზუსტად ისეთივე რეალობა იყოს, როგორც ეკრანის ერთი პიქსელი. ამას სიმულაციის ჰიპოთეზას უწოდებენ, რომელიც გვთავაზობს, რომ თუ კაცობრიობა საკმარის ხანს იცოცხლებს, რათა შეძლოს მრავალჯერ მოახდინოს სამყაროს სიმულაცია გარკვეული ტიპის კომპიუტერის გამოყენებით, დიდია შანსი აღმოჩნდეს, რომ ჩვენ ყველა მრავალთაგან ერთ-ერთ სიმულაციაში ვცხოვრობთ.
თუ ასეა, ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, რაღაცის მოდელია, რომელიც გარკვეული სახის რეალობიდან არის აღებული.
ეს უფრო აზროვნების ექსპერიმენტია, ვიდრე სხვა რაღაც, მაგრამ მეცნიერებს ასეთ რამეებში ძრომიალი ძლიერ უყვართ. ერთ-ერთი ასეთი ძრომიალისას, რაღაც მინიშნებასაც წააწყდნენ.
პორტმუთის უნივერსიტეტის ფიზიკოსის, მელვინ ვოპსონისა და ბრიტანეთის ჯერემია ჰოროკის მათემატიკის, ფიზიკისა და ასტრონომიის ინსტიტუტის მათემატიკოსის, სერბან ლეპადატუს მიერ შემუშავებული ინფოდინამიკის მეორე კანონი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა დახვეწილი მოდელი საკმაოდ მძლავრ კომპიუტერზე.
„2022 წელს აღმოჩენილი ინფორმაციული დინამიკის (ინფოდინამიკა) მეორე კანონი აადვილებს კვლევის ახალ და საინტერესო ინსტრუმენტებს ფიზიკისა და ინფორმაციის კვეთასთან“, – წერს ვოპსონი AIP Physics-ში გამოქვეყნებულ ახალ პუბლიკაციაში.
შემდეგი ნაბიჯი ამ აღმოჩენების ექსპერიმენტულად შემოწმება იქნება. თუ სიმულაციაში ვცხოვრობთ, მაშინ ინფორმაცია სამყაროს ფუნდამენტური საშენი მასალაა, ზუსტად ისე, როგორც ბიტებია ინფორმაციის ფუნდამენტური ერთეული კომპიუტინგში; და როგორც ვოპსონი ადრეც ვარაუდობდა, მას შეიძლება მასა ჰქონდეს.
თუ ასეა, მაშინ ამის დაფიქსირება შესაძლებელი უნდა იყოს ნაწილაკ-ანტინაწილაკების შეჯახებისას ინფორმაციის განადგურების გზით.
და რა თქმა უნდა, როგორც შეკუმშული და ოპტიმიზებული სიმულაცია, ჩვენს მოდელირებულ სამყაროს დასჭირდებოდა დაპროგრამება უფრო ღრმა, რთული სისტემის მიერ, რაც კიდევ უფრო დიდ კითხვებს აჩენს.
ინფორმაციის წყარო: 1tv.ge მეცნიერება