დედამიწის შიდა ბირთვი ბრუნვის მიმართულებას იცვლის - რა გველის ჩვენ

31-10-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ცოტა ვინმე თუ ფიქრობს დედამიწის წიაღში მიმდინარე ამბებზე იქამდე, ვიდრე უცაბედი მიწისძვრა ან ვულკანის ამოფრქვევა არ მოხდება.

თუმცა, დედამიწის მეცნიერები დედამიწის წიაღს გამუდმებით იკვლევენ; სულ ახლახან, მათ აღმოაჩინეს, რომ დედამიწის შიდა მყარი ბირთვი, რომელიც თითქმის ხახუნის გარეშე ბრუნავს გარს შემოკრულ გამდნარ ბირთვს შიგნით — როგორც ჩანს, შენელდა.

ვიდრე ცუდისკენ წახვალთ, გეტყვით, რომ ასეთი შემთხვევა პირველად არ მომხდარა, უფრო მეტიც, არც უახლეს ისტორიაშია პირველი.

„წარმოგიდგენთ საოცარ დაკვირვებებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში შიდა ბირთვმა ბრუნვა თითქმის შეწყვიტა და შეიძლება, უკუღმა დატრიალდეს, როგორც ეს 1970-იან წლებში მოხდა“, — წერენ კვლევის ავტორები, პეკინის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერები, იი იანგი და სიადონგ სონგი.

მხოლოდ რამდენიმე ათწლეულია რაც ვიცით, რომ დედამიწის შიდა ბირთვი მის ზემოთ არსებულ მანტიასთან მიმართებაში ბრუნავს; 1996 წელს ეს სონგმა და მისმა კოლეგა სეისმოლოგმა პოლ რიჩარდსმა დაამტკიცეს. მათ კვლევამდე, იდეა, რომ დედამიწის შიდა ბირთვი პლანეტის დანარჩენი ნაწილისგან დამოუკიდებლად ბრუნავდა, მხოლოდ დაუმტკიცებელი თეორია იყო, რომელსაც დედამიწის მაგნიტური ველის დაუდასტურებელი მოდელი პროგნოზირებდა.

„ეს გლობალურად თანმიმდევრული მახასიათებელი მიუთითებს, რომ შიდა ბირთვის ბრუნვა ახლახან შეჩერდა“, — წერენ იანგი და სონგი.

გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწის შიდა ბირთვი დინამიკურად უნდა იყოს დაკავშირებული მის გარე შრეებთან — გარე ბირთვთან ელექტრომაგნიტური და მანტიასთან გრავიტაციული ძალებით მიბმული, ეს კვლევა უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებაც, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის წიაღში მიმდინარე მოვლენები მის ზედაპირზე, თხელ ქერქზე, რომელზეც ჩვენ ყველა ვარსებობთ.

წყარო: 1tvმეცნიერება


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები