ცნობილია - რა თანხა დაუჯდა ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი
ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე მილიონ ფუნტად იყიდა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი.
როგორც ირკვევა, ქართული ოცნების ლიდერი იოანე ზოსიმეს ხელნაწერს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.
ლონდონის „კრისტის“ აუქციონზე დღეს, 11 ივნისს, წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.
ის ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.