“ვისაც ადამიანის გული გაქვთ და არა ღორის, თქვენს თავებთან მაინც აღიარეთ…” – ჩერგოლეიშვილი

11-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“ვისაც რეალურად აინტერესებს, რატომ არის კანონი რუსული, ერთ მაგალითს მოგიყვანთ.

თქვენ იცით, ამ კანონით, უცხო ინტერესებად რა ინათლება?

საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში, რუსეთის მიერ 1992-1993 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოკვლევა და ამ დანაშაულების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო ცნობიერების ამაღლება.

თავისუფლების ინსტიტუტს, რომელიც 1996 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა მიღებული აქვს ფინეთის საგარეო სამინისტროს გრანტი, დაახლოებით 30 ათასი ევროს ოდენობით.

პროექტი თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს და ამ ფულის დახმარებით ორგანიზაციამ მოიძია და ახლაც იძიებს არაერთი თვითმხილველი მსხვერპლის ისტორიას, ატარებს საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძებებს და იპყრობს როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღებას.

პროექტის მიწურულს, თავისუფლების ინსტიტუტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ ინფორმაციას მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს დედაქალაქში, ვაშინგტონში ჩაიტანს და იმ ხალხის ყურადღებას მიიპყრობს ვინც ვაშინგტონში პოლიტიკურ კლიმატს ქმნის.

ვინ შეიძლება შერაცხოს რუსეთის მიერ, აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ ცნობიერების ამაღლება უცხო ქვეყნის ინტერესად?

ვინ შეიძლება შერაცხოს ვენერა მეშველიანის, ახალდაბელი ტყვექალის ხმის გაგონება მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს დედაქალაქში უცხო ინტერესად?

მხოლოდ და მხოლოდ რუსეთმა და რუსული ინტერესების მოსამსახურეებმა!

ამიტომ, ვისაც ადამიანის გული გაქვთ და არა ღორის, ხელი დაიდეთ და თქვენს თავებთან მაინც აღიარეთ, რომ რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის საერთაშორისო შეფასება – წმინდად ქართული საქმეა და საქართველოს ისტორიული მისიის სამსახური.

ეს ეროვნული საქმეა და ფინეთის საგარეო სამინისტრომ ეროვნული საქმე დააფინანსა!

ხოლო რეჟიმი, რომელიც ამ საქმეს უცხო ინტერესად ნათლავს, არის რუსული.

და ეს არის ჭეშმარიტება.

სხვა სიმართლე არ არსებობს”


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები