"ეს არის 9 აპრილის უმთავრესი მნიშვნელობა", - გია მურღულიას მიმართვა

09-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

დღეს 9 აპრილის მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. 

აღნიშნულს ცნობილი ქართველი ფოლოლოგი გია მურღულია გამოეხმაურა და ამ დღის მთავარ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"რა არის 9 აპრილის უმთავრესი მნიშვნელობა? - 35 წელიწადი საკმარისი დროა დიდი მოვლენის შესაფასებლად.

ეს ტრაგედიაა, რადგან ადამიანთა მსხვერპლი და ტანჯვა ახლდა; 

ეს ბედნიერებაა, რადგან ქართველთა ერთ მუშტად შეკვრა, ნების გაერთიანება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა;

ეს ისტორიული გაკვეთილია, რადგან ყველას დაანახვა, რომ შიშველი ბოროტი ძალა (გინდაც მას ზურგს ტოტალური იდეოლოგია უმაგრებდეს) ვერ დაამარცხებს მთელი ხალხის  ერთსულოვან სწრაფვას თავისუფლებისკენ.

კიდევ ერთი გაკვეთილი ის არის, რომ რაიმეს მოპოვებაზე რთული მისი შენარჩუნებაა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ნამდვილ აზრს ადამიანის პიროვნული თავისუფლება სძენს.

დაბოლოს - ქვეყანას მუდმივი განვითარებისა და გამარჯვებების შესაძლებლობა მაშინ აქვს, როდესაც მთავარ ღირებულებებს, იდეებსა და ადამიანებს არ ივიწყებს - მიწაზე დადგმული ძეგლი შეგიძლია გაანადგურო, მაგრამ კაცის გულში აგებულ ძეგლს ვერასდროს დაანგრევ.

ვილოცოთ 9 აპრილს შეწირულ ადამიანთა სულებისთვის.

ვილოცოთ და ერთად გავისარჯოთ საქართველოს მომავლისთვისაც, რომელიც ამ დღემ დიდწილად განაპირობა.

ზოგჯერ დგება დრო, როდესაც ერთი დღე საუკუნეს ქმნის", - წერს იგი ფეისბუქზე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები