თავისი უახლოესი მეგობრის სახლში, აივანზე ჩამოკიდებული იპოვეს - ოჯახი აქამდე არკვევს, რა მოხდა
2011 წლის 13 ივლისს, 32 წლის რებეკა ზაჰაუ მისი მეგობრის სახლში, აივანზე ჩამოკიდებული იპოვეს. ერთი შეხედვით ეს თვითმკვლელობას ჰგავდა.
წლების შემდეგ ზაჰაუს გარდაცვალების მიზეზზე დებატები მძვინვარებდა. კალიფორნიის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ იგი დანაშაულის გამო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ოჯახი კი თვლიდა, რომ ის მოკლეს. დანაშაულის ადგილზე იპოვეს სისხლიანი დანა და კარზე წარწერა: „მან გადაარჩინა ის (ბიჭი), შენ შეგიძლია მისი გადარჩენა?“
ადრეული წლები
დაახლოებით 2009 წელს რებეკამ გაიცნო იონა შაკნაი და დაიწყო მასთან შეხვედრა. იონას სამი შვილი ჰყავდა, ორი წინა ქორწინებიდან. ზაჰაუმ საბოლოოდ დატოვა სამსახური, რათა კაცს ბავშვებზე ზრუნვაში დახმარებოდა, განსაკუთრებით მისი უმცროსი ვაჟის მაქსის მოვლაში.
სწორედ ამას აკეთებდა ზაჰაუ 2011 წლის 11 ივლისს - თვალს ადევნებდა მაქსს. მაგრამ იმ დღეს, ექვსი წლის ბავშვი რატომღაც გადავარდა მეორე სართულის მოაჯირიდან, სანამ ზაჰაუ აბაზანაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაქსი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა.
13 ივლისს, შუაღამისას, იონამ დაურეკა რეკებას, რათა ეთქვა, რომ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა, თუმცა მან ქალთან დაკავშირება ვერ შეძლო და ხმოვანი შეტყობინება დაუტოვა. რამდენიმე საათის შემდეგ რებეკა ზაჰაუ გარდაცვლილი იპოვეს.
რებეკა ზაჰაუს უცნაური თვითმკვლელობა
2011 წლის 13 ივლისს იონას ძმამ, ადამ შაკნაიმ, რომელიც სახლში იმყოფებოდა, რებეკა აივანზე ჩამოკიდებული იპოვა. კაცმა მაშინვე პოლიციაში დარეკა. ასევე აიღო დანა, რათა რებეკა ჩამოეხსნა, ჩაუტარა ხელოვნური სუნთქვა, თუმცა უშედეგოდ.
როდესაც ადამ შაკნაიმ იპოვა ქალის ცხედარი, მას ტერფები ერთმანეთთან ჰქონდა შეკრული, ხელები კი ზურგზე ჰქონდა მიბმული. მას კისერზე სამჯერ ჰქონდა შემოხვეული მაისური. გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს სისხლი და ლენტი მის ფეხებზე და სისხლნაჟღენთები თავის გვერდით, რაც შეიძლება გამოეწვია დარტყმას. მათ ასევე აღმოაჩინეს დანა, სახელურზე ზაჰაუს მენსტრუალური სისხლი იყო წასმული.
კარებზე დატოვებული შეტყობინების მნიშვნელობა გაურკვეველი იყო - თუმცა ხელისუფლება ეჭვობდა, რომ ეს დაკავშირებული იყო მაქს შაკნაის დაცემასთან. ხელწერის ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, ვინ დაწერა შეტყობინება.
ზაჰაუს დამ განაცხადა, რომ ქალს მეორე დღისთვის გეგმები ჰქონდა, ამიტომ თავს არ მოიკლავდა. ამის მიუხედავად, პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ ქალმა თავი მოიკლა.
ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ზაჰაუმ ხელები და ფეხები თავად შეიკრა, შემდეგ აივანზე გავიდა. კედელზე კვალი დატოვა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო.
„რებეკამ დაინახა, რაც მოხდა, რაღაცნაირად პასუხისმგებლობა იგრძნო, მას მაქსი ენდობოდა. ეს ზედმეტი იყო გადასატანად” - განუცხადა იონამ ABC News-ს.
მიუხედავად ამისა, ბევრი თვლის, რომ პოლიციის გამოძიებამ რებეკა ზაჰაუს გარდაცვალების შესახებ დატოვა ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. ოჯახმა 2013 წელს შეიტანა საჩივარი ადამ შაკნაის (იონას ძმის) წინააღმდეგ.
2018 წელს, სამოქალაქო ნაფიცმა მსაჯულმა ადამ შაკნაი დაადგინა პასუხისმგებლად ზაჰაუს სიკვდილზე და ქალის ოჯახს ხუთი მილიონი დოლარი გადასცა. ადამი იყო ერთადერთი სხვა ადამიანი სახლში, როდესაც ზაჰაუ გარდაიცვალა. უფრო მეტიც, ის მუშაობდა ბუქსირის კაპიტანად და ზოგი ამტკიცებს, რომ მხოლოდ საზღვაო ცოდნის მქონე ადამიანს შეეძლო ზაჰაუს ასეთი რთული კვანძებით შეკვრა (თუმცა ეს სადავოა).
თავა ადამი რებეკას სიკვდილთან რაიმე კავშირს უარყოფს. ამიტომაც, ბევრისთვის რებეკა ზაჰაუს სიკვდილი შემაშფოთებელ საიდუმლოდ რჩება.
წყარო: პრაიმტაიმი