„მაქვს 4 ცალი 50 ლარიანი ბილეთი, მივდივართ სამნი, თუ ვინმეს აქვს სურვილი გამოუშვას ბავშვი, მე წამოვიყვან...“ - ემოციური ამბავი სოცქსელიდან
23 მარტს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთების გაყიდვა 6 საათში დასრულდა. სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში, რომელსაც „ბილეთების შავი ბაზარი“ ჰქვია, ე.წ. გადამყიდველებმა რამდენიმე ბილეთის საკმაოდ გაძვირებულ ფასად გაყიდვა დაიწყეს.
საქართველო - საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია, როგორც მიმოწერებში ვხედავთ, 30-ლარიან ბილეთს 800 ლარად ყიდიან, თუმცა გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ერთ ბილეთს გააჩუქებს და სტადიონზე წაიყვანდა ერთ ბავშვს.
გთავაზობთ ზემოთ ხსენებულ ჯგუფში გავრცელებულ ისტორიას, რომელმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა.
„მეგობრებო, მაქვს ნაყიდი 4 ცალი 50 ლარიანი ბილეთი. მივდივართ სამნი. თუ ვინმეს აქვს სურვილი გამოუშვას ბავშვი, რომელსაც უზომოდ უყვარს ფეხბურთი და ბილეთის გარეშეა მე წამოვიყვან ჩვენთან ერთად და სახლშიც მივიყვან.
ბილეთს არ ვყიდი …
მეგობრებო, ვარედაქტირებ პოსტს და ვურთავ სქრინს, 300-ზე მეტი შეტყობინება მქონდა მესენჯერში და ყველა ფიზიკურად ვერ გავხსენი.
მხოლოდ 10 შეტყობინება მქონდა ინსტაგრამზე და ერთ-ერთი ეს არის.
მე მიმყავს ნიკუშა“,- წერს ფეისბუკმომხმარებელი.