"არ ვიმჩნევდი, მაგრამ თავი სამყაროში ყველაზე უბედური კაცი მეგონა", - რას წერს გიორგი კეკელიძე

12-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

წლის დასაწყისში გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

მართალია, კეკელიძემ მალევე დაიწყო მუშაობა მსგავს სფეროში და ამჟამად ბიბლუსშია დასაქმებული, თუმცა, როგორც თავად წერს, ბიბლიოთეკიდან წამოსვლა ძალიან გაუჭირდა:

„ზუსტად ერთი თვის წინ, თავი მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა – არ ვიმჩნევდი, მაგრამ ეგრე იყო. ვფიქრობდი, რომ ჩემი მთავარი და არაერთხელ გამხელილი ოცნება – ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ლეგენდარული სამკითხველოს გახსნა, რომელსაც მთელი 11 და ბევრი თვით მეტი წელი წარმოვიდგენდი – თითქოს არც ყოფილა, ისე გაქრა.

რთული, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ – დრო დაჭირდა შენობის გამაგრებას – უმძიმესი და დეტალური სამუშაო.

მერე ალყა დავარტყით სამკითხველოს – ჯერ წიგნის მუზეუმი გავხსენით, მერე ხელოვნების დარბაზი, მერე ფოლკლორის დარბაზი და ქართული ენის დარბაზიც მოვამზადეთ (წესით მალე გაიხსნება) – ეს ყველაფერი სულ კერძო შეთანხმებების ძალით. ჰოდა, უკვე დიდი პირობა გაჩნდა, რომ ბიზნესი ამ სივრცით დაგვეინტერესებინა და აი, მაისში – შევძელით კიდეც.

სულ ბოლო სიახლე ამ კუთხით, გერმანელი რესტავრატორების ჩამოსვლა – 10 იანვარს გამცნეთ, ხოლო „11 იანვარს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე. სწორედ ეგ გამოდგა ძნელი

და არც ის მამშვიდებდა დიდად, რომ ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”, არც ყალბი ალტრუისტული შეგებებები – “მთავარია ხომ გაიხსნება და რა მნიშვნელობა აქვს..” – რგებდა სევდას მაინცდამაინც.

მეორე დილით, ჩემს ტელეფონში რვა ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება დამხვდა. ორი ავირჩიე ( Biblusi • ბიბლუსი სახლი/Sakhli ) მათგან და მესამე ჩემი LIB.GE დავიტოვე. და ხელახლა დავიწყე შენება – არ დამიხარჯავს არცერთი ზედმეტი სიტყვა, იმ რვა წინადადების მიღმა რომ მაცდური მოწვევები იყო სულ სხვა სფეროში – ყველა ვიუარე, მშვიდად დავემშვიდობე თანამშრომლებს და სრულიად მშვიდადვე გიმხელთ, რომ ჩემი აზრით; ვნების სიმძაფრე უფრო საკუთარი თავის გაძლების გამოცდაშია, წამოდგომის უცნაურ და გაუებარ ძალაში, ფერისცვალების შესაძლებლობის განცდაში – თორემ სამყარო რომ არ არის სამართლიანობის პრინციპზე აწყობილი – არც ახლა, არც ყოფილა და არც იქნება არასდროს – ეგ სიმღერა უკვე წავიმღერე – ცოტა სახალხოდ და მეტად – გულში.

ახლა გაცილებით ძლიერი ვარ.

წინ დიდი გზებია!


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები