„რთულია მასზე წარსულში საუბარი, სტიპენდიანტი იყო, გამორჩეული სტუდენტი, უშუალო და პოზიტიური“ – ცნობილია ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლისას დაღუპული 20 წლის ახალგაზრდის ვინაობა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, ჩამოწოლილი მეწყრის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დილის 11 საათის მონაცემებით, ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი, 5 ადამიანს კვლავ ეძებენ. ადგილობრივთა ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილთა შორის 3 არასრულწლოვანია.
„სამი საუკეთესო მოსწავლე მოყოლილია მეწყერში.. ეძებენ მაშველები.. არ ვიცით მათი მდგომარეობა“ – ბოლო ცნობები სტიქიის ადგილიდან
ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილთა შორის, რომელთა ცხედრები დილას მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 20 წლის ნია რობაქიძე და დედამისი არიან.
ნია რობაქიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
„დედასთან ერთად იყო სტიქიის დროს.. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, სტიპენდიანტი იყო, საოცარი ადამიანი, გამორჩეული სტუდენტი, უშუალო და სულ პოზიტიური იყო. რთულია მასზე ასე, წარსულში საუბარი“, – უთხრა „ფორტუნას“ გარდაცვლილი გოგოს კურსელმა, ქეთი გენელიძემ.
ნია რობაქიძეს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
წყარო: ფორტუნა